გია ვოლსკი - არახამია იჩემებს, რომ ქართული სულის მატარებელია, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს
გია ვოლსკი - არახამია იჩემებს, რომ ქართული სულის მატარებელია, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს

დავით არახამია იჩემებს, რომ ქართული სულის, ენერგეტიკის მატარებელი ადამიანია, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არათუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდით ედგა.

როგორც გია ვოლსკი ამბობს, არახამია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ელემენტი და შემადგენელი ნაწილი, სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება.

„აკურატულად“ რომ ვილაპარაკოთ, სანქციები აღარ იქნებაო? – დავით არახამია იჩემებს, რომ ქართული სულისა და ქართული ენერგეტიკის მატარებელი ადამიანია, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არათუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს. საქართველო უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდით ედგა და რესურსების მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინას დაეხმაროს, არახამია კი, ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ჰქვია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და უკრაინის ინტერესები.

არახამია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ელემენტი და შემადგენელი ნაწილი, სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. არახამიას შეძახილით, მისი გაფრთხილებით ან ლოიალობით სანქციები არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება, ის იმ ფორმატშია მოქცეული, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს. ის არის მისი ნაწილი და მოქმედებს ქართულ-უკრაინული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

არახამიას მოკავშირე პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო და დღესაც ეს ოკუპაცია გრძელდება. მისმა მოკავშირე პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჰქონოდა ხელში ჩაგდებული. თუ არახამია მათთან თანამშრომლობით ბაქიბუქობს, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებს იმ სტრატეგიასა და პრორუსულ პოლიტიკას, რაც „ნაცმოძრაობას“ აქვს.

არახამია უკვე ყველა წითელ ხაზს გადასცდა. მისი ამოცანაა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების იმდენად დანგრევა, რომ იქნებ, მომავალში ჩვენი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამშრომლობა არათუ არ განვითარდეს, არამედ საწყისიც არ ჰქონდეს. არახამია მხოლოდ ერთადერთი არ არის, იგივე განცხადებები აქვთ ადამინისტრაციასთან დაახლოებულ ბევრ პირს და ასეთი ცოდვა აქვს ზელენსკისაც დაშვებული, როდესაც მან ქართველი ხალხი, მთავრობა ერთმანეთისგან გამიჯნა და ხალხს მინიშნებით დაპირისპირებისკენ მოუწოდა იმ მიტინგზე ჩართვისას, სადაც სახელმწიფო გადატრიალების თემის გარშემო იმართებოდა. ახლახან სრულიად უტიფარი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც საქართველოში უკრაინის წარმომადგენელმა გააკეთა, რომ საქართველომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. პირდაპირ იყო მინიშნება, რომ ეს დახმარება საომარ მოქმედებებში უნდა გადავიდეს, თუმცა ზუსტად იცის, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეები სარგებლობენ მრავალმილიონიანი დახმარებით, ჩვენი მხარდაჭერით. არც ერთი პოლიტიკური დონე არ დარჩა, სადაც საქართველომ უკრაინის მიმართ აშკარა მხარდაჭერა არ გამოხატა იმ პირობებში, როცა საქართველოს რუსეთის მიმართ აქვს დაპირისპირება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების დონეზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც“.

მან ასევე აღნიშნა: „მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთვის სულერთია, რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია, პრორუსი არ იყოს“.

ამავდროულად, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით“.