გია ვოლსკი - არაერთი შტაბი შეიქმნა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს, მნიშვნელობა არ აქვს, ფიზიკურად სად დაჯდება ეს ხალხი
შტაბი არაერთი შეიქმნა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი ლეიბორისტების შტაბბინაში იკრიბება. ეს ხალხი სად დაჯდება ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასათან დაკავშირებით, რომელიც პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე შტაბის გახსნას გეგმავს.
„სხვადასხვა ვარიაცია მოვისმინეთ. შტაბი არაერთი შეიქმნა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი ლეიბორისტების, შალვა ნათელაშვილის შტაბბინაში იკრიბება. ეს ხალხი სად დაჯდება ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს. ცუდია ის, თუ ახალგაზრდები, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვთ იმ მძიმე პერიოდთან, რაც სააკაშვილის დროს გადაიტანა საქართველომ, იქნებიან ამ პროცესის მონაწილე ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად სააკაშვილის შინაგანი ხასიათი და დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პოლიტიკოსია. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიაა ამ ქვეყანაში. შეიკრიბებიან, შტაბებსაც გახსნიან, შეფასება უნდა იყოს მნიშვნელოვნად უფრო სიღრმისეული, ვიდრე პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.
„პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.