გია ვოლსკი - არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ სხვა ბევრი ქვეყანაა, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს
გია ვოლსკი - არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ სხვა ბევრი ქვეყანაა, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს

რასაკვირველია, რეკომენდაციები შესრულებულია. ევროპული უსაფრთხოების ქოლგა საქართველოს ეკუთვნის. მსოფლიოში ურთულესი მდგომარეობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბევრი სხვა ქვეყანაც უჭერს მხარს.

„როგორ შეიძლება, შენმა პარტნიორებმა და მოკავშირე ქვეყნებმა არ გაგიწიონ თანადგომა? თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორსაც ევროპარლამენტი კარნახობს, რასაკვირველია, ეს იქნება უსამართლობის პიკი. ყველა შემთხვევაში, პრაგმატული თვალსაზრისით კი, გაუმართლებელი. საზოგადოების მიმართ შეურაცხყოფა იქნება ის, რასაც ევროპარლამენტარები ევროკომისიას კარნახობენ. ექსპერტების მოსაზრებები – ბუდაპეშტი რას იზამს და სხვა ქვეყნები როგორ მოიქცევიან, ამ შემთხვევაში არარელევანტურია, ვიმსჯელოთ პოლიტიკურ პლატფორმაზე. არა მხოლოდ ბუდაპეშტი, არამედ სხვა ბევრი ქვეყანაა, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს. თუ უნგრეთი უფრო აქტიური იქნება, ამას მივესალმებით, თუმცა სხვა ქვეყნებიც არიან, რომელთაც საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურეს და თქვეს, რომ ქვეყანა სტატუსს იმსახურებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.