გია ვოლსკი - არ შეიძლება, მოღალატეობრივი საქმიანობის გარდა, სხვა დავარქვათ იმას, როცა რეზოლუციას შეუერთდა სააკაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთმა ქართული აგრესიის საპასუხოდ იმოქმედა
არ შეიძლება, მოღალატეობრივი საქმიანობის გარდა, სხვა დავარქვათ იმას, როცა რეზოლუციას შეურთდა სააკაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთმა ქართული აგრესიის საპასუხოდ იმოქმედა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი მ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი საუკეთესო დრო იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის. გია ვოლსკის თქმით, ჯერ არ აქვთ პოზიცია, რა გაგრძელება მოჰყვება ამ განცხადებას.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ხალხის ძალის“ აღნიშნულ განცხადებაში მნიშვნელოვანი საკითხის დამატებაა საჭირო.
„პირველი – პრეზიდენტის ბრძანება 9 აგვისტომდე გამოიცა და არ აღიარებდნენ, რომ რუსეთი იყო ჩართული კონფლიქტში. არ მიმართეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მით უმეტეს, არც სასამართლოებს. გარდაუვალი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ამ ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოიყვანეს და ისინი სიკვდილისთვის გაწირეს. პრაქტიკულად, რამდენიმე ათეული ადამიანი სწორედ ამის გამო იყო მოკლული სხვადასხვა ვითარებაში, ზოგი საომარ მოქმედებას, ზოგი დაბომბვას შეეწირა, ზოგი დაიხვრიტა. ეს თემა ყურადღების მიღმა დარჩა იმ საპარლამენტო კომისიასაც, რომელიც აგვისტოს ომს თავის დროზე იძიებდა. ეს პრობლემები ახლა ამოტივტივდა, როცა რუსეთმა რეგიონში ფეხი მოიკიდა და თავისი პოზიციები გააძლიერა. რა თქმა უნდა, ეს განცხადება ამ თემას ეხმიანება, თუმცა ეს მათი შეხედულება, პოზიციაა. რა გაგრძელება მოჰყვება ამ განცხადებას, ამაზე პოზიცია ჯერ არ გვაქვს.
რაც შეეხება მოღალატეობას, ეს მუხლი კანონმდებლობიდან ამოღებული იყო, თუმცა არ შეიძლება, სხვა დავარქვათ იმას, როცა რეზოლუციას შეუერთდა სააკაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთმა ქართული აგრესიის საპასუხოდ იმოქმედა. ჰააგას როცა მივმართეთ, ჩვენს ჯარისკაცებს უმტკიცებდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ქართული ჯარის გასამართლება სურდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რამდენად სერიოზული იყო დანაშაული, რომლის გადაფარვასაც სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. დიდი მასალებია, რომლის გაცნობის შემდეგ თავადაც დაადგენთ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის თავიდან აცილების რეალური რესურსი არსებობდა, რაც სააკაშვილმა არ გააკეთა. რა მიზნით არ გააკეთა, ამას სხვა ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რასაც მოღალატეობრივი საქმიანობა ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.