გია ვოლსკი - არ მინდა დავუშვა, რომ სერგი კაპანაძეც აყოლილია პოლიტიკურ ბაქიბუქს
გია ვოლსკი - არ მინდა დავუშვა, რომ სერგი კაპანაძეც აყოლილია პოლიტიკურ ბაქიბუქს

სერგი კაპანაძეს „მაგნიტსკის სიაზე“ ინფორმაცია არ გააჩნია ან საკითხზე ყურადღება მოადუნა და საქმის კურსში საერთოდ არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და ევროპარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება უმრავლესობის მიერ კონსოლიდირებულია.

„არ მინდა, დავუშვა, რომ კაპანაძეც აყოლილია პოლიტიკურ ბაქიბუქსა და შემოტევას, რომელსაც მხოლოდ მათთვის აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. იმის ნაცვლად, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა პოზიტიური თვალსაზრისით წარმოაჩინონ, თითქოს, პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ, რაც არასწორია მორალურადაც და პოლიტიკურადაც. ხელისუფლების წარმომადგენლები რეზოლუციის მომზადებასა და წინა განხილვებში მონაწილეობდნენ. ქვეყანაში ისეთი არაფერი ხდება, რასაც სათავეში უმრავლესობა არ უდგას. რეზოლუციის ავტორები არიან უმრავლესობის წევრები და მათ დელეგაციებთან იმუშავეს, რათა ეს საკითხი გასულიყო. თუ დავით ბაქრაძემ ერთი განცხადება გააკეთა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხმა მის ან სერგი კაპანაძის კისერზე გადაიარა. რეზოლუცია მიღებულია ისე, რომ უმრავლესობის როლი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. თუ ვინმემ უფრო მეტი სიტყვა თქვა, ვიდრე მეორემ, ეს ის თემა არ არის, რაზეც ბაქიბუქი და მკერდზე მუშტების კვრა შეიძლება. სამწუხაროდ, ისე იხატება, რომ თითქოს დიდი ქვა აწიეს და იმ პოლიტიკოსებმა გადააგორეს, რომელთაც რეალურ მმართველობასთან შეხება არ აქვთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი სერგი კაპანაძის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციას მხარი რუსეთის მიმართ მაამებლური პოზიციის გამო არ დაუჭირა.

„ამაზე მეტი სულელური თემა არ მომისმენია. საკითხი მოწინააღმდეგე მხარესთან ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. ეს თემა სერგი კაპანაძის მმართველობის პერიოდს თავის „ბოსებთან“ ერთად ეხება, როცა რუსეთს ყველაფერი ჩააბარეს, მათ შორის ტერიტორიები და ისეთი შეცდომა დაუშვეს, რომელსაც შეცდომები არ ჰქვია და დანაშაული ეწოდება. ეს ადამიანები აქტიურები არიან, როცა საქმე საერთაშორისო პოლიტიკის იმ ნაწილს ეხება, რასაც რუსეთი და მათი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებამ” უნდა განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“, რომლის ერთ-ერთ შემადგენელიც არის „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“. კაპანაძის განცხადების საპასუხოდ, ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში თითოეულ რეზოლუციაზე რამდენიმე კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოხატა.

დატოვე კომენტარი