გია ვოლსკი - არ მგონია, „ნაცმოძრაობაში“ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდეს მეცხრეკლასელებისთვის სავსებით უმტკივნეულო ინფორმაციას, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, ის მოითხოვს განდიდებას
გია ვოლსკი - არ მგონია, „ნაცმოძრაობაში“ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდეს მეცხრეკლასელებისთვის სავსებით უმტკივნეულო ინფორმაციას, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, ის მოითხოვს განდიდებას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში მშრალი ინფორმაციაა მოცემული და ისტორიის გადაწერის არანაირი მცდელობა არ არის.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, სახელმძღვანელოს ამ ნაწილის შემქმნელებმა სცადეს, პოლიტიკისგან დაცლილი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ პერიოდის ქვეყნის ლიდერებზე.

„როგორ შეიძლება, იმ ვითარებას სიმძაფრე მოაკლონ, როცა გეუბნებიან, რომ შეცდომაა, როდესაც სააკაშვილს არ ასახელებ რეგიონულ ლიდერად, მას გიორგი სააკაძეს და დავით აღმაშენებელს არ ადარებ და ბიძინა ივანიშვილზე ამბობ, რომ ქველმოქმედი არ არის. ეს არის ის რეალობა, რაც გვაქვს. მეცხრეკლასელმა ბავშვმა ზოგადი ინფორმაცია უნდა იცოდეს, თუ ჩაღრმავებულად დააინტერესებს, ბიძინა ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი, თუ ჟვანია, ამას დეტალურად მოიკითხავს.

ეკლესიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში ათასამდე საქველმოქმედო პროექტია განხორციელებული, რაშიც სამ მილიარდ დოლარამდეა დახარჯული. ამ თემაზეც არ არის საუბარი, დასახელებულია ის, ამ ქვეყანაში თუ როგორ შეიძლება, მოიხსენიო სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ნიკო ნიკოლაძე და შეადარო, ვინ უფრო მეტი გააკეთა. პოლიტიკოსებიც შესაბამისად არიან მოხსენიებული. ვფიქრობ, რომ ეს გამოხატავს არსს „ნაცმოძრაობის“, რომ როგორმე სხვა დააკნინოს და საკუთარი თავი წარმოაჩინოს ჯორჯ ვაშინგტონად. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობაში“ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდეს ამ სავსებით უმტკივნეულო ინფორმაციას მეცხრე კლასელებისთვის, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი. ის მოითხოვს განდიდებას და ამ განდიდების მანიამ საქართველოში ჩამოიყვანა. წიგნში მშრალი ინფორმაციაა მოცემული, ისტორიის არანაირი გადაწერის მცდელობა არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, რაც შეეხება ომს, „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში მოიგო, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.

„აქ დამთავრდა ყველანაირი თემა და ისტორიის გადაწერ-გადმოწერა. სტრასბურგის სასამართლოს მოგების ფაქტმა „ნაცმოძრაობის“ პიარი დააბნია, რომ როგორმე, საქართველო-რუსეთის ომი ისეთი ფერებით წარმოაჩინოს, თითქოსდა, სააკაშვილი ყველაფერში მართალი იყო და მტყუანი იყო ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ყოფილი პრეზიდენტი ან საქართველოში ყოფილი ელჩი. თითქოს, ბრძოლის ველზე მის მიერ მიტოვებული და დაღუპული ხალხი არაფერს ნიშნავს. ამ შინაარსისგან დაცლილი ინფორმაცია მიაწოდა წიგნის ავტორმა მეცხრეკლასელებს. წიგნში არ წერია, რომ „ნაცმოძრაობამ“ მოღალატეობრივ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის წიგნში ჩაწერას მხარს არც დავუჭერდი, რადგან ეს ჩემი საქმეა და იქნებ, მეცხრეკლასელებმა შეძლონ, ამ ვითარებიდან გამოვიდნენ. თუ ვინმეს სიღრმე დააინტერესებს, მთელი დღეები დასჭირდებათ, ნახონ ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.