გია ვოლსკი - ახალი რეგლამენტი პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას გაზრდის
გია ვოლსკი - ახალი რეგლამენტი პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას გაზრდის

ახალი რეგლამენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას გაზრდის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში მაღალი თანამდებობის პირების გამოცხადება, თანამშრომლობა და ანგარიშების მოსმენა ინტენსიური გახდა.

„ამ მოწვევის პარლამენტში უკეთესი მდგომარეობაა. რაც ჩამოვაყალიბეთ, საპარლამენტო მმართველობის ერთ-ერთი საგანგებო და მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ცვლილებებით კი, პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო გაიზრდება“, –  განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღო. რეგლამენტის პროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი, წინააღმდეგი იყო.