გია ვოლსკი - აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი ქვეყანა, პოლონეთი დემონსტრირებას აკეთებს, თუ რა ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და მისი პრეზიდენტი, თუნდაც ტექნიკური მიზეზებით, სწორედ ჩვენთან ჩერდება
გია ვოლსკი - აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი ქვეყანა, პოლონეთი დემონსტრირებას აკეთებს, თუ რა ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და მისი პრეზიდენტი, თუნდაც ტექნიკური მიზეზებით, სწორედ ჩვენთან ჩერდება

აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი ქვეყანა, პოლონეთი დემონსტრირებას აკეთებს, თუ რა ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და მისი პრეზიდენტი, თუნდაც ტექნიკური მიზეზებით, სწორედ საქართველოში ჩერდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან შეაფასა ის ფაქტი, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოს გავლით მგზავრობდა და გუშინ ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა.

გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტებს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა და ისაუბრეს იმ თემებზე, რაც საქართველოსა და ევროპას აწუხებთ.

„პოლონეთთან როგორც პოლიტიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ მძლავრი და ინტენსიური ურთიერთობები გვაკავშირებს. პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში, ოლიმპიადის გახსნაზე მიემგზავრებოდა და ჩამოვიდა საქართველოში. გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ტექნიკური შესვენება ჰქონოდა და საწვავით შევსება თბილისში მომხდარიყო. პრეზიდენტებს შორის საინტერესო შეხვედრა იყო. ეს კიდევ ერთი სიმბოლოა ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოს თანამშრომლობის ხარისხის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, კითხვაზე: „შეხვედრაზე იყო თუ არა დისკუსიის საგანი ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსის თემა“, ვოლსკი პასუხობს, რომ არ აქვს ინფორმაცია და საკითხს არ ჩაუღრმავდება.

„ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის თემას არ ჩავუღრმავდებოდი, რადგან მრავალასპექტიანია და ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზები იყო გააზრებული. ამ თემაზე საუბარი იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ტექნიკური შესვენება იყო და იმ თემებზე ისაუბრეს, რაც დღეს, საქართველოსა და ევროპას აწუხებთ. კონსულტაციები იქნება, სიღრმისეულად გვაინტერესებს ნებისმიერი ალიანსი, რომელიც იქნება ევროპაში, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მონაწილეობით – უკრაინის, პოლონეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის. ასეთი ალიანსები არსებობს და მუშაობა გასააქტიურებელია.

პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც ეხება საქართველოს და ევროპულ უსაფრთხოებას. კონკრეტულად, ალიანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემაზეც იყო საუბარი. გზავნილი იყო აშკარა – აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი ქვეყანა – პოლონეთი დემონსტრირებას აკეთებს იმის, თუ რა ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, სადაც მისი პრეზიდენტი თუნდაც სიმბოლურად, თუნდაც, ტექნიკური მიზეზებით სწორედ საქართველოში ჩერდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რეზოლუცია პოზიტიურად შეაფასეს თავად უკრაინაში.

„პრინციპული პოლიტიკური მომენტია ის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი წარსული გაათეთროს იმ უბედურების ფონზე, რომელიც ქვეყანას დააწია მისმა მავნებლურმა საქმიანობამ, რის გამოც დღეს საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი ვითარება არსებობს. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია პოზიტიურად შეაფასეს თავად უკრაინაში. რუსეთი არის აგრესორი და იმ საფრთხის შემცველი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, გაცილებით მძიმე გახდეს, ვიდრე დღეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.