გია ვოლსკი - აფხაზეთში დუმის სპიკერის ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით
გია ვოლსკი - აფხაზეთში დუმის სპიკერის ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით

აფხაზეთში დუმის სპიკერის ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე საუბრით ოპოზიცია ამ დანაშაულს ვერ გადაფარავს.

„ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. ოპოზიცია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები და გაყიდა საქართველოს ინტერესები, მიჰყიდა რუსეთის ოლიგარქიას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ახლა დუმის დეპუტატი ჩავიდაო. აფხაზეთში პუტინია ნამყოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და უამრავი დანაშაულია ჩადენილი ამ ტერიტორიაზე. დუმის სპიკერის ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა და პუტინმა, მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით იმ პერიოდში. იმ დანაშაულს ვერ გადაფარავენ, რასაც ოკუპანტი ქვეყანა სჩადის საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი.