თეონა აქუბარდია - მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ მოუწოდოს
თეონა აქუბარდია - მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ მოუწოდოს

რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი ემსახურება, მათ შორის, ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე, ბიჭვინთის ანექსიის მიზნით.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ.

„ეს ვიზიტი ემსახურება, მათ შორის, ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე, ბიჭვინთის ანექსიის მიზნით. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 19 იანვარს რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება, რითიც ბიჭვინთის აგარაკები და 186 ჰექტარი მიწა ნახევარი საუკუნით მფლობელობაში გადაეცემა რუსეთს. მისი რატიფიცირების მიზნით, დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება შესაბამისი პროექტიც. ამ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება, რამდენადაც რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ამ ვიზიტით დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და კანონი ოკუპაციის შესახებ. იმავდროულად საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ, რაც დეპუტატებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.