გია ვოლსკი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაზე ოპოზიციის მოთხოვნა სისულელეა
გია ვოლსკი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაზე ოპოზიციის მოთხოვნა სისულელეა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, სისულელეა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკიმ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ისევ მავნებლურ რეჟიმში არიან, როგორც გუშინ იყვნენ.

„მავნებლური რეჟიმი იმას ჰქვია, რომ უბედურებისგან რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დივიდენდი მიიღო. პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის, ვინც თავის თავს პოლიტიკოსებს ეძახის, ჟურნალისტს, ექსპერტს. მოუსმინეთ, ხალხი რას ლაპარაკობს, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ახალგაზრდა თაობასთან გარდატეხის პერიოდში. გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია. ყოველ წელს, გარდამტეხ პერიოდში, რამდენიმე ასეული ახალგაზრდა თავს იკლავს. ეს გლობალური პრობლემაა და მიდგომა, რომ პიროვნება გამოაჭენო და ყველა ცოდვა ჩამოკიდო, ყველაზე ცუდი გზაა, რაც შეიძლება ავირჩიოთ. თუნდაც, იმ ხანძრის ჩასაქრობად, რაც ყოველი ჩვენთაგანის გულშია. სისტემა უნდა შეიქმნას. არ შეიძლება, ამ საკითხს მხოლოდ სასჯელით მივუდგეთ. სკოლის დირექცია თავის თავს დამნაშავედ თვლის და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლასა და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუან-მართალია? დანაშაულისა და სათანათო დამოკიდებულების დეფიციტის დემონსტრირება ყველგან მოხდა. ეს პატარა საქართველოსვის პრობლემა არ უნდა იყოს, რომ არა, სპეკულაციური გამონათქვამები”, – აცხადებს ვოლსკი.

კანონმდებელის თქმით, ისეთი შეგრძნება რჩება, რომ არც ერთ ადამიანს, მჭახე განცხადებების ავტორებს ამ ყველაფერზე გული არ სტკივა და ყველას დივიდენდის მიღება სურს.

„ექსპერტებს მოვუსმინოთ, სახელმწიფო პროგრამა ჩამოვაყალიბოთ, შვილებს მოვეფეროთ და ერთმანეთს ნუ დავაზიანებთ. უფროსების ასე მამასისხლად დაპირისპირება აუცილებლად გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე. განწყობილი არ ვარ, რომ ვინმეს რაიმე ვაბრალო. სკოლის დირექტორს მოვუსმინე, სულ არ ჰქონდა განზრახული, მთელი ცხოვრება ასეთი ცოდვა ეტარებინა, მაგრამ ხომ ფაქტია, ამ საკითხის მიმართ სხვანაირი მიდგომა შეიძლებოდა? ურემი რომ გადაბრუნდა, გზა ახლა დავინახეთ. პოლიციაზე რომ ვისაუბროთ, თუ ქალი ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ მძიმე სიტუაციაა, თუნდაც, წესდებით იმოქმედო, კიდევ არსებობს ნიუანსი, რაც ყველას მოეთხოვება – სახელმწიფოს, პოლიტიკოსს თუ ჟურნალისტებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.