გია ვოლსკი აცხადებს, რომ პირადობის მოწმობებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური არაფერია
გია ვოლსკი აცხადებს, რომ პირადობის მოწმობებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური არაფერია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური არაფერია.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიხვდა, რას ნიშნავს გამოთქმა, „ენას ძვალი არა აქვს“.

„ადამიანების გარკვეული ჯგუფია, ვისაც მიაჩნია, რომ ამ საკითხზე გარკვეული რელიგიური გრძნობების შეუთავსებლობა არსებობს, თუმცა, არსებობს სინოდის აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება. პოლიტიკა აბსოლუტურად არსად იკითხება და ვერც ამოიკითხება, რადგან თუ ვინმე რამე სიყალბის დამამზადებელია, სწორედ იმ ადამიანებისგან გვაქვს გამოცდილება, რომლებიც დღეს ამ განცხადებას აკეთებენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობების მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.