გია ვოლსკი აცხადებს, რომ 20 ივნისს დაშავებულებზე სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს
გია ვოლსკი აცხადებს, რომ 20 ივნისს დაშავებულებზე სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს

20 ივნისს დაშავებულ ადამიანებზე სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც შეიძლება, აღნიშნული საკითხი გადაწყდეს.

თუმცა, ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოში საკითხის გადაჭრის რესურსი არ ამოწურულა.

„სამართლებრივ ნაწილებზე არსებობს სასამართლო, საერთაშორისო სასამართლო და საქართველო ამის ნაწილია. პოლიტიკური დაკვეთა არის გამორიცხული. როცა სამართლებრივი შეფასება კეთდება, ის შეფასება გამოირიცხება, რაც სასამართლოს გააჩნია. ჩემი პირადი განწყობა არის, რომ 20 ივნისს დაშავებული ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად უნდა იყვნენ მოვლილი და მიხედილი, სჭირდება თუ არა ამას სამართლებრივად რაიმე ფორმით წინასწარი გადაწყვეტილებები. თუ ვინმეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, სტრასბურგი არ არის ანტაგონისტური დამოკიდებულება და იქაც შეიძლება, აღნიშნული საკითხი გადაწყდეს, თუმცა ის რესურსი არ ამოწურულა, რაც საქართველოს გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ 20 ივნისის ღამის მოვლენებიც გაიხსენა და თქვა, რომ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურაზე შეტევა განხორციელდა.

„ეს იყო ღამე, როცა ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა ორგანიზებულად, დიდი აგრესიით, წინასწარ შეთანხმებით შეუტიეს სახელმწიფო სტრუქტურას და პარლამენტში შემოსვლა ძალისმიერი მეთოდებით განიზრახეს“, -აღნიშნა გია ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს.