გია ვოლსკი - 2008 წლის კრიზისის შემდეგ საერთოდ არაფერი გაუკეთებია იმ ხალხს, ვინც დღეს ხმამაღლა საუბრობს
გია ვოლსკი - 2008 წლის კრიზისის შემდეგ საერთოდ არაფერი გაუკეთებია იმ ხალხს, ვინც დღეს ხმამაღლა საუბრობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევის თაობაზე დასმულ ბანალურ კითხვაზე სპეკულაციის აგება იმ ადამიანების ხასიათს გამოავლენს, ვისაც აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია 2008 წლის კრიზისის შემდეგ.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან პოზიტიური რეიტინგი აქვს და მით უმეტეს, იმ კარგი ორგანიზატორული თვისებების გამო, რაც ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში, ურთულეს პირობებში გამოავლინა.

„აქ არაფერია გულზე მჯიღის სარტყმელი. ჩვენი მთავრობა პროფესიონალურად, მაღალ დონეზე მოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს. გამოჩნდა, რომ არავითარი კულისებს მიღმა მმართველობა არ არსებობს. გამოჩნდა, რომ არის გუნდი, ყველა დარგი ასრულებს თავის ამოცანას და ა.შ. როდესაც ამ ვითარებაში დაისმის კითხვა – რას იზამთ, თუ ვირუსი გავრცელდა და საზოგადოებას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა? რა უნდა უპასუხოს დეპუტატმა, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ქართული ოცნების“, თუ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი? – ერთადერთი პასუხია, რომ უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც კონსტიტუციითაა გაწერილი.

თუ კონსტიტუციაში წერია, რომ საგანგებო ვითარების შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს, ასე იმოქმედებს ნებისმიერი სახელმწიფო და არა მხოლოდ საქართველო. ასეთ ბანალურ კითხვაზე ამხელა სპეკულაციის აგება იმ ადამიანების ხასიათს გამოავლენს, ვისაც აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია 2008 წლის კრიზისის შემდეგ.

ვინმემ დამისახელოს, რომელ სოციალურ პროგრამას მოხმარდა თანხა, ან იყო თუ არა რეალური შემწეობა იმ ხალხისთვის, ვინც დაკარგა სამუშაო გაჩერებული მშენებლობისთვის, დანგრეული ბიზნესისთვის. რამე გაკეთდა საერთოდ იმ ხალხის მიერ, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს? არაფერი, ნული“, – აღნიშნავს ვოლსკი.

დეპუტატი ამბობს, რომ თუ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„ეს არ იქნება „ქართული ოცნების“ პარტიული გადაწყვეტილება. ეს იქნება მეცნიერულ კვლევაზე დამყარებული გადაწყვეტილება“, – დასძინა ვოლსკიმ.