გია ვოლსკი - ​ლოგიკისგან შორს არის, რატომ აირჩა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პროცედურული და პარტიული წესების დარღვევით
გია ვოლსკი - ​ლოგიკისგან შორს არის, რატომ აირჩა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პროცედურული და პარტიული წესების დარღვევით

ლოგიკისგან შორს არის, რატომ აირჩა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პროცედურული და პარტიული შეთანხმებული წესების დარღვევით, არც პარტიის თავმჯდომარეს, რომელსაც ახლახან ვესაუბრე და არც მე ამაზე პასუხი არ გვაქვს, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა არ იგეგმებოდა, რადგან მსგავსი საკითხების სწრაფად და ნაუცბადევად განხილვა არ შეიძლება.

„ვიღაცას რომც სდომოდა ამის დაჩქარებული განხილვა, ზუსტად უნდა სცოდნოდა ეკასაც და სხვებსაც, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არავითარი დაჩქარებული განხილვა ამ საკითხს არ ეკუთვნის და არც შეიძლება იყოს. ვიღაცას ამის სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერ მოხდებოდა. საერთოდ გაუგებარია ამ საკითხის შესაჩერებლად იქ გადადგომის თემის შემოტანა, რამაც გარკვეული სტრესი გამოიწვია საზოგადოებაში. ნიუსების სათავეში გავიდა ეს თემა, როცა შეიძლებოდა ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად და საკმაოდ გამჭვირვალედაც გვემსჯელა გუნდში. ჩემი პირადი პოზიცია ამ შემთხვევაში არანაირად არ განსხვავდება იმისაგან, რაც ვთქვი და რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება – არ შეიძლება ამ საკითხის სწრაფად და ნაუცბადევად განხილვა“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პარლამენტს საკმაო დრო აქვს აღნიშნული საკითხის განსახილველად, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვის ნიშნები.

„მიღებული იქნება გადაწყვეტილება, პროფესიონალური, სამართლიანი და ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სპეკულაცია თემით არ არის სწორი. გვაქვს საკმაო დროც, მაღალი პასუხისმგებლობაც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშანი. თუ კითხვის ნიშნები არსებობს, ძალიან ვთხოვ ყველას, გასცეს ამ კითხვებს შესაბამისი პასუხები“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.