გია თვალავაძის ადვოკატები სასამართლოსგან მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართეს. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, გია თვალავაძეს გულის პრობლემები აქვს, რის გამოც, ორჯერ კლინიკაში გადაიყვანეს. დაცვის მხარე მისთვის პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას ითხოვს.
გია თვალავაძეს გამოძიება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობას ედავება. 26 სექტემბერს 6 დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დაკავებულიდან 3 ბრალს არ აღიარებდა, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე.
გამოძიების ინფორმაციით, 15 აფთიაქში ურეცეპტოდ 15 მილიონ ლარზე მეტი მედიკამენტები გაიყიდა. 6 დაკავებულის გარდა, პასუხისგებაში მისცეს 15 პირი. გამოძიების ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას, მსგავს ფაქტებზე არ ახდენდა სათანადო რეაგირებას, როდესაც ცხელ ხაზზე შედიოდა ზარები.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული.