გია პეტრიაშვილი - სურსათი და ადგილობრივი წარმოება უნდა იყოს ის მიმართულება, რაც პირველ რიგში უნდა დაკრედიტდეს
გია პეტრიაშვილი - სურსათი და ადგილობრივი წარმოება უნდა იყოს ის მიმართულება, რაც პირველ რიგში უნდა დაკრედიტდეს

საფინანსო სექტორმა პრაქტიკულად ახალ რეალობაში გაიღვიძა, მოთხოვნა თავიდან ბოლომდე გადალაგდება, სურსათი და ადგილობრივი წარმოება უნდა იყოს ის მიმართულება, რაც პირველ რიგში უნდა დაკრედიტდეს და ჩვენ ამ ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ, – ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, „მიკრობიზნეს კაპიტალის“ დამფუძნებელმა, გია პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.​ მისი თქმით, ეკონომიკა ვერ გაჩერდება, ის აუცილებლად უნდა დაფინანსდეს და ამაში თავისი როლი მიკროსაფინანსო სექტორმაც აუცილებლად უნდა ითამაშოს. დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში კი, სრულ კოლაფსს მივიღებთ.

გადაცემაში კორინავირუსის პანდემიის ფონზე მიკროსაფინანსო სექტორში შექმნილი გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

გადაცემისას აღინიშნა, რომ ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა პრობლემები მიკროსაფინანსო სექტორსაც შეუქმნა, რომელიც მართალია, თანხობრივად საბანკო კაპიტალის მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს, მაგრამ კლიენტურის კუთხით ყველაზე მოწყვლად და დივერსიფიცირებულ სექტორს ემსახურება, როგორიცაა მიკრო და მცირე ბიზნესი.

პეტრიაშვილის მოსაზრებით, საფინანსო სექტორს არსებული პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო, სრულიად ახალ რეალობაში მოუწევს მუშაობა და ეროვნული ბანკის დახმარების გარეშე ფუნქციონირება გაუჭირდება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რესურსები ეროვნულ ბანკსაც შეზღუდული აქვს. ამიტომ, მისი რაციონალურად გადანაწილება უნდა მოხდეს.

„რა თქმა უნდა, რესურსები შეზღუდულია და ზუსტად ამ რესურსების რაციონალური გადანაწილება იქნება ახლა მთავარი ამოცანა და სწორი პასუხი იმ გამოწვევაზე, რის წინაშეც დგას მთელი სახელმწიფო და მათ შორის ეროვნული ბანკიც. რა თქმა უნდა, საჭიროა სწორი ანალიზი და ზუსტად იმ რაოდენობით რესურსის მიწოდება, რაც აუცილებელია. არის ორი მიდგომა: მემარცხენე ყაიდის ექსპერტები უფრო მოუწოდებენ სახელმწიფოს დახმარებისკენ და სოციალური პაკეტების გაზრდისკენ. მე უფრო ვემხრობი მიზნობრივ დაკრედიტებას და სამუშაო ადგილების შექმნას, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებაში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. ეს სექტორი ახლა ძალიან აქტუალური გახდა და წინა პლანზე გამოვიდა, რადგან კორონავირუსით გამოწვული პრობლემების გამო, შეიძლება სასურსათო პრობლემა შეიქმნას. ამიტომ, საფინანსო სექტორმა პრაქტიკულად ახალ რეალობაში გაიღვიძა. მოთხოვნა თავიდან ბოლომდე გადალაგდება და ჩვენ ამ ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ. ეკონომიკა ვერ გაჩერდება, ის აუცილებლად უნდა დაფინანსდეს და ამაში თავისი როლი მიკროსაფინანსო სექტორმაც აუცილებლად უნდა ითამაშოს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი განმარტებით, ახალი რეალობა დისტანციურ მომსახურების გაფართოებას ითხოვს და ეროვნულ ბანკს რეგულაციების შეცვლითაც შეუძლია მიკროსაფინანსოებს ამ რეალობაზე მორგება გაუმარტივოს.

„სხვათა შორის, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის დახმარება მხოლოდ რესურსის სახით კი არა, არამედ რეგულაციების სახით მოხდეს. რადგანაც რეალობა შეიცვალა, არსებობს ძალიან ბევრი რეგულაცია, რომელიც ამ სიტუაციაში უკვე დამამუხრუჭებელ ფუნქციას ასრულებს და რა თქმა უნდა ის უნდა შეიცვალოს და ახალ რეალობას მოერგოს. მოერგოს ამ დისტანციური მომსახურების მეთოდებს და ესეც ეროვნული ბანკის დახმარების ერთ-ერთი მეთოდია“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ნაბიჯები მიკროსაფინანსო სექტორს საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერის მიღებასაც გაუმარტივებს.

„ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანი ასევე საერთაშორისო კრედიტორებისთვის. ისინი უყურებენ რა ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ბანკი და ელოდებიან ასე ვთქვათ პირველ ნიშანს, რომ თავადაც გარკვეული დახმარება აღმოგვიჩინონ. სიტყვა დახმარებას რომ ვახსენებ, არ ვგულისხმობ საჩუქარს. ეს არის რა თქმა უნდა სესხების მიღება, რომელიც მერე უნდა გასტუმრებულ იქნას. უბრალოდ, საუბარია, რომ იყოს შედარებით გრძელვადიანი და შედარებით ნაკლებ ფასიანი სესხები, რომ ჩვენც გვქონდეს საშუალება, შედარებით იაფფასიანი და გრძელვადიანი სესხები გავცეთ ჩვენს მომხმარებელზე. ისმის კითხვა, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისაც შეიძლება სესხები მიეცეს. ვიმეორებ, ვერ გაჩერდება ეკონომიკა, სურსათი და ადგილობრივი წარმოება უნდა იყოს ზუსტად ის მიმართულება, რომელიც პირველ რიგში უნდა დაკრედიტდეს. მცირე და მიკრო ბიზნესი განსაკუთრებით, ეს იქნება ძალიან მოთხოვნადი. რა თქმა უნდა, გარკვეული პაუზაა და იქნება გარკვეული თვითგამორკვევა. არა ვარ ისეთი ოპტიმისტი რომ ველოდებოდე რამდენიმე თვეში აღსდგება ის მდგომარეობა, რაც კრიზისამდე გვქონდა, მაგრამ ზრდა უკვე შესამჩნევი იქნება და მოთხოვნა სესხებზე გაიზრდება. გაიზრდება რისკებიც და ზუსტად ეს იქნება მიკროსაფინანსო სექტორის მთავარი ამოცანა, რომ ამ რისკების ადეკვატური დაფინანსება განახორციელოს. დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში სრულ კოლაფსს მივიღებთ და ეს კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს“, – განუცხადა გია პეტრიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი