გია ნოდია - ოპოზიციის განცხადებებიდან ჯერ არ ჩანს, რომ უახლოეს ხანებში ვინმე მზადაა პარლამენტში შესასვლელად
გია ნოდია - ოპოზიციის განცხადებებიდან ჯერ არ ჩანს, რომ უახლოეს ხანებში ვინმე მზადაა პარლამენტში შესასვლელად

ოპოზიციის განცხადებებიდან ჯერ არ ჩანს, რომ უახლოეს ხანებში ვინმე მზადაა პარლამენტში შესასვლელად, – განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მართალია, „მოქალაქეების“ და „გირჩის“ რიტორიკა განსხვავებულია, მაგრამ განსხვავებულობა ნიშნავს იმას, რომ უთანხმოებები, რაც ოპოზიციის შიგნით იყო და გარეთ არ გამოდიოდა, ბოლო დღეებში გარეთ გამოვიდა, მაგრამ თუნდაც, მათი განცხადებებიდან არ გამომდინარეობს ის, რომ ისინი შესვლას აპირებენ. ეს პარტიები დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებენ, რაღაცებს სხვანაირად შეხედონ, მაგრამ თან ამბობენ, მარტო ჩვენს შესვლას აზრი არ აქვსო. ასე რომ, არც ხვალ და არც უახლოეს ხანებში ასეთ შესვლას არ ველი“, – განაცხადა ნოდიამ.

როგორც ნოდიამ აღნიშნა, ოპოზიციას ეთანხმება, რომ არჩევნებში დარღვევების მაღალი დონე იყო, რამაც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში ძლიერი საპროტესტო განწყობა შექმნა და ამ პროტესტს გამოხატვა სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა საუკეთესო გამოსავლად არ მიაჩნია.

„მას შემდეგ, რაც მათ საკითხი მორალურ ჭრილში დააყენეს, რომ პარლამენტში შესვლა გაყალბების გამართლებას ნიშნავს, თავიანთი სიტყვების უკან წაღება უკვე ძალიან გაუჭირდებათ. პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მათ პრინციპულად სხვა გზა აირჩიეს“, – განაცხადა ნოდიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ოპოზიციისთვის უკან დახევა წამგებიანია, გია ნოდიამ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს მათთვის წამგებიანია.

„თუნდაც, ელისაშვილისა და „გირჩის“ რიტორიკაც საკმაოდ არადამაჯერებელია და ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესვლა უნდათ და უნდათ, ეს რაღაცნაირად გაამართლონ“, – განაცხადა ნოდიამ.

მისი თქმით, არატიპური შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციის და დემოკრატიული დასავლეთის შეფასებები განსხვავებული აღმოჩნდა, რაც ოპოზიციისთვის რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებსაც პრინციპული პოზიცია აქვთ და დასავლეთის კრიტიკა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მათ აზრი შეიცვალონ.

„გასაგებია, რომ მათ შეიძლება, პატივისცემით მიიღონ და მოუსმინონ ამ ევროპარლამენტარების აზრს, მაგრამ არ მგონია, ეს საკმარისი იყოს იმისთვის, რომ აზრი შეიცვალონ“, – განაცხადა გია ნოდიამ.