გია ნიშნიანიძე - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით ჩილიმ-ბარების ბიზნესს ეკონომიკური პრობლემა შეექმნება
გია ნიშნიანიძე - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით ჩილიმ-ბარების ბიზნესს ეკონომიკური პრობლემა შეექმნება

პირველი დღეა, რაც კანონი ძალაში შევიდა და პრობლემებზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩილიმ-ბარების ბიზნესს ეკონომიკური პრობლემა შეექმნება, – ამის შესახებ ჩილიმ-ბარის მფლობელმა, გია ნიშნიანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გარე პერიმეტრის გამოყენებით ზაფხულში პრობლემას რამენაირად მოევლება, მაგრამ გამორიცხულია, ზამთარში კაცი ამხელა დანადგარით ფეხზე დადგეს და ჩილიმი მოწიოს“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

როგორც ნიშნიანიძემ აღნიშნა, ის სერიოზულ გართულებებს ელოდება, რადგან ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის პატრულის გამოძახება სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

მისი თქმით, ევროპაში დახურულ შენობებში მოწევის აკრძალვა ეტაპობრივად მოხდა, საქართველოში კი ამ უდიდესი პრობლემის გადაწყვეტა რადიკალურად, ყოველგვარი ეტაპების გავლის გარეშე გადაწყდა. 

„ევროპაში ჯერ მწეველთა და არამწეველთა ადგილების გამოყოფა მოხდა. დაუმორჩილებლობა იქაც იყო, მათ შორის აეროპორტებში, მაგრამ ჯერ გაფრთხილებები იყო“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

როგორც ჩილიმ-ბარის მფლობელმა განაცხადა, გაუგებარია, რატომ შეიძლება მოწევა კაზინოსა და სიგარა-ბარში და რატომ არ შეიძლება ჩილიმ-ბარში, სადაც ხალხი ჩილიმის მოსაწევად შედის.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 1-ელი მაისიდან ამოქმედდა.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი გასული წლის მაისში დაამტკიცა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.

დატოვე კომენტარი