გია მურღულია - ყველა რეფორმატორს ჰგონია, რომ თუ კარგად დაწერს რაღაცას, საქმე კარგად წავა, მაგრამ არ წავა
გია მურღულია - ყველა რეფორმატორს ჰგონია, რომ თუ კარგად დაწერს რაღაცას, საქმე კარგად წავა, მაგრამ არ წავა

ყველა რეფორმატორს ჰგონია, რომ თუ კარგად დაწერს რაღაცას, საქმე კარგად წავა, მაგრამ არ წავა, – ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პედაგოგმა გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმიტომ, რომ როდესაც ეს სკოლის, საკლასო ოთახის დონეზე მიდის, იქ ნებისმიერი უბრწყინვალესი იდეის წახდენაც კი შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენ სკოლებში კვლავ მუშაობენ. კი ბატონო, კარგი მასწავლებლები გვყავს, შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ მასწავლებელთა კორპუსში ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. თურმე, მასწავლებლის კომპეტენცია არის ნომერ პირველი გარანტორი განათლების ხარისხის. კაი, კაცო. რად უნდა ამას კვლევა?! ჩემთვის ეკითხათ და ფულის დაუხარჯავად ვეტყოდი. თვეები იკვლევენ, იკვლევენ და დაასკვნიან ხოლმე ვექტორულ ჭეშმარიტებას“, – განაცხადა მურღულიამ.

მისი თქმით, განვითარება ასე არ ხდება, რომ ახალი ამოცანები დავისახოთ, დოკუმენტებში თვისებრივად ახალი ამოცანები ჩავწეროთ, დავარიგოთ და თავი მოვიწონოთ, რადგან ამის განმახორციელებელი არავინ არის, არც სკოლის დირექტორი და არც მასწავლებელი.

„არც ერთს არ აქვს არც მოტივაცია და არც კომპეტენცია. ფული უმნიშვნელოვანესია, თუმცა, უბრალოდ მეტი ფული არაფერს წყვეტს. მე თუ ჩემ საქმეს ცუდად ვაკეთებ, გინდ ათასი ლარი გადამიხადეთ და გინდ სამი ათასი, მაინც იგივე შედეგი მექნება. ჩვენთან პროფესიულ განვითარებაზე მოთხოვნა ლამის, არ არის. კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი, ერთ-ერთი კვლევის შედეგი რომ წავიკითხე. კითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის პროფესიულ განვითარებას, საქართველოს მასწავლებელთა აღარც კი მინდა ვთქვა, რამდენმა პროცენტმა უპასუხა, რომ მათთვის ეს უმნიშვნელო ამბავია, რადგან ისედაც კარგად იციან, ბავშვებს რა უნდა ასწავლონ. აი, ასეთი დამოკიდებულებით, როდესაც ადამიანი თვითონ არ ვითარდება, სხვა ვინ უნდა განავითაროს?! ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ სამისდღეშიო განათლება აქვთ მიღებული. მოტივაციას რაც შეეხება, არ არის ფინანსური მოტივაცია, არ არის სოციალური მოტივაცია“, – განაცხადა მურღულიამ.

როგორც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა აღნიშნა, ასევე ძალიან დიდი პრობლემაა განათლების მინისტრების მუდმივად ცვლა.

„მე ოც მინისტრს მოვესწარი, რომლებსაც პირადად ვიცნობდი და კიდევ რამდენი მახსოვს, კაცმა არ იცის. მაგათი თვლა აღარ არის. მოლა ნასრედინის არ იყოს, ერთ ამდენს კიდევ მოვესწრები, ისე მიდის ჩვენი საქმე. ძალიან უკიდურესად ეადვილებათ ამ სფეროში ადამიანების შეცვლა და ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ამ სფეროს მიმართ დამოკიდებულება ძალიან ცუდია. ჩვენთან არ არსებობს სტაბილურობის და მემკვიდრეობითობის არანაირი განცდა“, – განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, ქართველებმა ცოტა მეტი უნდა მოვინდომოთ, რომ მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა თავის ადგილზე იყოს.

„ვერ ვიხსენებ ერთ მოსწავლესაც კი, რომელმაც მაგალითად, სკოლა ვერ დაამთავრა. კი არ მიხარია ეს ამბავი, მაგრამ ვინც შედის, რაც უნდა ქნას, რაც უნდა ისწავლოს ან არ ისწავლოს, მაინც ყველა ამთავრებს“, – განაცხადა მურღულიამ.

გია მურღულიამ ასევე განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანაში განათლების კარგად გააზრებული რეფორმა მიდის, ამაზე მუდმივად უნდა იყოს ლაპარაკი.

„ხან პრემიერ-მინისტრმა, ხან განათლების მინისტრმა და ხან უბრალო ადამიანებმა, რომლებიც ჩართული არიან ამ რეფორმაში, საზოგადოებას უნდა მოახსენონ, სად მივდივართ, რა დავისახეთ მიზნად, ათი ნაბიჯიდან რამდენი ნაბიჯი გადავდგით, რამდენად მივუახლოვდით მიზნებს, სად გვაქვს ჩავარდნა, რას ვაკეთებთ, რომ ეს ჩავარდნა გამოვასწოროთ და ა.შ.“ – განაცხადა გია მურღულიამ.