გია მურღულია - წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ზუსტად აღიქვას საქართველოს პირველი არხის მიუკერძოებლობის ხარისხი
გია მურღულია - წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ზუსტად აღიქვას საქართველოს პირველი არხის მიუკერძოებლობის ხარისხი

წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ზუსტად აღიქვას საქართველოს პირველი არხის მიუკერძოებლობის ხარისხი, რომელიც, ვფიქრობ, ყოველგვარ ეჭვს მიღმა დგას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„ბორდმა ეს ინფორმაცია მიიღო კმაყოფილებით. სრულიად თვალსაჩინოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მოამბე“ აშუქებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება, მოქალაქემ წარმოიდგინოს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. იქნება ეს კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური სუბიექტები, ყველას ეთმობა დრო, რომ მიმართოს საზოგადოებას და თავისი ხედვა წარუდგინოს. აქ შეფასება მხოლოდ გამოყოფილი დროის მიხედვით კი არ არის გაკეთებული, არამედ გაშუქების ტონის მიხედვითაც. პრაქტიკულად, დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ზუსტად აღიქვას საქართველოს პირველი არხის მიუკერძოებლობის ხარისხი, რომელიც, ვფიქრობ, ყოველგვარ ეჭვს მიღმა დგას“, – აცხადებს მურღულია.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა არხის სამეურვეო საბჭოს საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა.

საქართველოს პირველი არხის და საქართველოს რადიოს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი, რომელიც მიზნად ისახავს მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან მიმდინარეობს. მონიტორინგის რაოდენობრივი მონაცემები მოიცავს სუბიექტისთვის (გამომსვლელისთვის) დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებას დათმობილი დროის და გაშუქების ტონის მიხედვით (პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური).

მონიტორინგის ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.