გია მურღულია - ვფიქრობ, სახელმწიფოს ხარჯზე ქველმოქმედება კარგი არ უნდა იყოს
გია მურღულია - ვფიქრობ, სახელმწიფოს ხარჯზე ქველმოქმედება კარგი არ უნდა იყოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებას, ბიუჯეტიდან ჰონორარის სახით თითოეულ წევრზე 5 610 ლარის დარიცხვის შესახებ, საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გია მურღულია ემიჯნება.

გია მურღულიამ ამის შესახებ საბჭოს სხდომაზე განაცხადა და გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა.

მანვე აღნიშნა, რომ მის ანგარიშზე თანხის დარიცხვისთანავე, დაუყოვნებლივ გადარიცხავს ტელევიზიის ანგარიშზე.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ გადაწყვეტილების. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ორ ამბავს, პირველი – საჰონორარო ნაშთი სულ არის 132 ათას 492 ლარი. აქედან დაახლოებით 82 ათასი ლარი ავტომატურად რჩება ტელევიზიის ბიუჯეტში და 50 ათასი ლარი ნაწილდება საბჭოს ცხრა წევრზე. სიმართლე გითხრათ, არ მესმის ლოგიკა ამ ტიპის გადანაწილებისა – რატომ 82 იქით და 50 აქეთ. ერთი ლარი რომ ყოფილიყო აქეთ, რაც ჩვენს ანგარიშზე უნდა დაჯდეს, მაინც წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ლოგიკა არ მესმის.

მეორე, ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა რომ ზუსტად იცოდეს, ეს გადაწყვეტილება რას ნიშნავს, გეტყვით, რომ სამეურვეო საბჭოს თითოეული წევრის ანგარიშზე ამ წლის ბოლოს აღმოჩნდება 5 610 ლარი დარიცხული და აქედან ე.წ. ხელზე ასაღები თანხა არის 4 488 ლარი. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ დამატებით შემოსავალს იმ დროს, როცა დღეს მთელი დღე ვლაპარაკობდით ქამრების შემოჭერაზე და იმაზე, რომ ტელევიზიას მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი აქვს, ვიდრე ეს თავდაპირვლად იყო დაგეგმილი. არ მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ან თუნდაც ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლებმა ეს მოწონებით აღიქვან. მე არ შევდივარ არანაირ განსჯაში, არავის არ ვამუნათებ, ყველა თავად იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ამბავი. აქედანვე უნდა გამოვაცხადო, რომ მიუხედავად ჩემი სურვილისა და წინააღმდეგობისა, თუ ეს თანხა მაინც აღმოჩნდება ჩემს ანგარიშზე, როგორც კი ეს მოხდება, მე დაუყოვნებლივ გადავრიცხავ ამას ტელევიზიის ანგარიშზე. ვფიქრობ, სახელმწიფოს ხარჯზე ქველმოქმედება კარგი არ უნდა იყოს“ , – განაცხადა გია მურღულიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.

ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე.