გია მურღულია - ვასილ მაღლაფერიძემ მოახერხა და შექმნა მოტივაცია, რომელიც ამ არხს აღარ ჰქონდა, მოახერხა, გონივრულად დაეხარჯა ფინანსები, რაც ადრეც ჰქონდა ამ ტელევიზიას, მაგრამ ასე გონივრულად არ გამოუყენებია
გია მურღულია - ვასილ მაღლაფერიძემ მოახერხა და შექმნა მოტივაცია, რომელიც ამ არხს აღარ ჰქონდა, მოახერხა, გონივრულად დაეხარჯა ფინანსები, რაც ადრეც ჰქონდა ამ ტელევიზიას, მაგრამ ასე გონივრულად არ გამოუყენებია

ვასილ მაღლაფერიძემ მოახერხა და შექმნა სათანადო მოტივაცია, რომელიც ამ არხს აღარ ჰქონდა, მოახერხა, გონივრულად დაეხარჯა ფინანსები, რაც ადრეც ჰქონდა ამ ტელევიზიას, მაგრამ ასე გონივრულად არ გამოუყენებია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული თვალსაზრისითაც, სახეზეა საკმაოდ სერიოზული წინსვლა.

„საზოგადოდ, ასეთ საქმეებს ოთხი მთავარი ამბავი უძღვის წინ – ეს არის მოტივაცია, ფინანსები, პროფესიონალიზმი და დრო. ოთხივე ამ თვალსაზრისით, ის, რაც იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ცა და მიწა ისე განსხვავდება დღევანდელი დღისგან. ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად წარმატებულად უნდა შეფასდეს ვასილ მაღლაფერიძის, როგორც გენერალური დირექტორის მუშაობა. მან მოახერხა და შექმნა სათანადო მოტივაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ არხს აღარ ჰქონდა. მან მოახერხა, რომ გონივრულად დაეხარჯა ფინანსები, რაც ადრეც ჰქონდა ამ ტელევიზიას, მაგრამ ასე გონივრულად არ გამოუყენებია.

თქვენ იცით, რომ უკვე ლაპარაკია ახალ შენობაზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე, რის გარეშეც საერთოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ტელევიზია, ლაპარაკია ინოვაციურ და რეიტინგულ გადაცემებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული თვალსაზრისითაც, მხედველობაში მაქვს მენეჯმენტიც და ჟურნალისტების მუშაობაც, დამხმარე პერსონალის მუშაობაც, ჩვენ, ყველანი ერთად საკმაოდ სერიოზულ წინსვლას ვუყურებთ. რაც შეეხება დროს, ძველად ეს დრო იკარგებოდა ფუჭად, რადგან არანაირი სინათლე არ ჩანდა. ვფიქრობ, ახლა დრო მუშაობს უკვე იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ახალ საზოგადოებრივ მაუწყებელს“, – განაცხადა გია მურღულიამ.

რაც შეეხება თანამდებობის დატოვების მიზეზებს, მურღულია ამბობს, რომ ადამიანები თვითონ ირჩევენ საკუთარ გზას და მიაჩნია, რომ ვასილ მაღლაფერიძე დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამდა.

„ადამიანები თვითონ ირჩევენ საკუთარ გზას, მათ აქვთ საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპები, საკუთარი შესაძლებლობების განცდაც, საკუთარი მიზნების რეალიზების სურვილიც და დაგეგმვის უნარიც. ვფიქრობ, ვასილ მაღლაფერიძეს არც დღემდე გადაუდგამს დაუფიქრებელი ნაბიჯები და არც ახლა გადადგამდა ამ ნაბიჯს“, – აღნიშნა გია მურღულიამ.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.