გია მურღულია - სკოლაში უსაფრთხო გარემოს ვერავინ შექმნის, თუ ასეთი გარემო ზოგადად, საზოგადოებაში არ არსებობს
გია მურღულია - სკოლაში უსაფრთხო გარემოს ვერავინ შექმნის, თუ ასეთი გარემო ზოგადად, საზოგადოებაში არ არსებობს

სკოლაში უსაფრთხო გარემოს ვერავინ შექმნის, თუ ასეთი გარემო ზოგადად, საზოგადოებასა და სახელმწიფოში არ არსებობს, – ამის შესახებ კერძო სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ბულინგი კომპლექსური პრობლემაა და ჩვენი მოქმედება ძალიან კომპლექსური უნდა იყოს, რომ ამ სცენის წარმოქმნის არცერთი ფაქტორი არ გამოგვრჩეს“, – განაცხადა გია მურღულიამ.

მისი თქმით, მოზარდთა კრიმინალური ცნობიერება და შესაბამისი ქცევები მსოფლიოს პრობლემაა და ყველგან, ყველანაირ სახელმწიფოში ძალიან მწვავედ დგას.

„მაგალითად, რუსებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქებში კრიმინალურად ყველაზე საშიში დაწესებულებები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებია. წარმოიდგინეთ, სადამდე უნდა მისულიყო ვითარება, რომ შსს-ს ასეთი განცხადება გაეკეთებინა. სხვათა შორის, ბევრ სხვა ქვეყანაშიც არანაკლები ვითარებაა“, – განაცხადა მურღულიამ.

როგორც გია მურღულიამ აღნიშნა, ბულინგის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება კრიმინალური ცნობიერებისგან თავისუფალი ჯერ კიდევ არ არის.

„ერთ-ერთი ქალაქის სკოლაში ჩატარებული გამოკითხვა გამაოგნებელი შედეგით დამთავრდა – სკოლის მოსწავლე ბიჭების 40%-ზე მეტი აცხადებდა, რომ თვითრეალიზებისას მათი მიზანია, „კანონიერი ქურდები“ გახდნენ. ერთმანეთს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ საჭიროა, რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას“, – განაცხადა გია მურღულიამ.

მურღულიამ ასევე განაცხადა, რომ სკოლები ხშირად ეჯახებიან პრობლემას, როცა ბავშვს მშობელი ერთს ეუბნება, სკოლა კი მეორეს.

„ერთი კვირის წინ ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ მოსწავლის მამა დაიბარა, რადგან მისი შვილი ცუდად იქცევა. მამა მოვიდა, იჩხუბა, ამის გამო როგორ დამიძახეთო, ჩემს შვილს ვასწავლი, რომ პრობლემები თავად უნდა გადაწყვიტოსო და წავიდა“, – განაცხადა გია მურღულიამ.

სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მოზარდთა ძალადობის პრევენცია და ძალადობის შედეგებთან ბრძოლა შეიძლება, მაგრამ ამის აბსოლუტური აღმოფხვრა შეუძლებელია, ამიტომ, იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ამ სენისგან აბსოლუტურად გავთავისუფლდებით.