გია ხუხაშვილი - ივანიშვილს ფულს არავინ ართმევს, მაგრამ ეუბნებიან, მიიღებ მაშინ, როცა წესიერად მოიქცევი
გია ხუხაშვილი - ივანიშვილს ფულს არავინ ართმევს, მაგრამ ეუბნებიან, მიიღებ მაშინ, როცა წესიერად მოიქცევი

ერთია მართლმსაჯულება და ბიძინა ივანიშვილი იმარჯვებს ამ სასამართლო პროცესზე, მაგრამ არის პოლიტიკური მხარე. ივანიშვილს ფულს არავინ ართმევს, ეს ფული მისია, თუმცა ეუბნებიან, რომ მიიღებ მაშინ, როცა წესიერად მოიქცევი, – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ამ მოდელით არსებობს ცივილიზებული სამყარო.

„ეს არის ის მოდელი, როგორც არსებობს ცივილიზებული სამყარო. ერთია სამართლებრივი პროცესი, მართლმსაჯულების პროცესი და აქ, ბუნებრივია, სასამართლო, მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობენ თბილისში, არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. კანონის, საკუთარი რწმენის მიხედვით გამოაქვთ ვერდიქტი და, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი იმარჯვებს ამ სასამართლო პროცესზე. ეს არის სამართლებრივი მხარე, მაგრამ არის პოლიტიკური მხარე.

ერთია მართლმსაჯულება, კი ბატონო, გეკუთვნის, მაგრამ ვერ მიიღებ, ვიდრე მურუსიძეა შენთან მოსამართლე, ვიდრე შენ არ გექნება ისეთი სასამართლო, რომლითაც შენ სარგებლობ ჩემთან. ასეთი სასამართლო ვიდრე არ გექნება, შენ ამას ვერ მიიღებ. ბიძინა ივანიშვილს ამ ფულს არავინ არ ართმევს, ბიძინა ივანიშვილი მშიერი არ დარჩება, მას კიდევ ბევრი 600 მილიონი აქვს. მშიერი არ იქნება, რომ ჩვენ მაინც და მაინც ის შევიცოდოთ, ეს ფული მისია, მაგრამ ეუბნებიან, რომ ამ ფულს მიიღებ მაშინ, როდესაც წესიერად მოიქცევი და რაც შენთვის გინდა, რაც შენთვის გემეტება, იმას გაიმეტებ სხვებისთვისაც, ვინც შენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.

ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.