გია გეგუჩაძე - ბევრი ხალხი მოვიდა და სასწაული შეგრძნება იყო
გია გეგუჩაძე - ბევრი ხალხი მოვიდა და სასწაული შეგრძნება იყო

ბათუმის “დინამომ” 12-წლიანი პაუზის შემდეგ საკუთარ სტადიონზე პირველად ითამაშა. გუნდი ბათუმში სტადიონის დანგრევის გამო, მეტოქეებს ქობულეთში, ზესტაფონსა და ქუთაისში მასპინძლობდა. ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში კი მარტვილის “მერანი” ანგისას ბაზაზე მიიღო, რომლის მშენებლობაც ახლახან დასრულდა.

სტადიონის ტრიბუნები სავსე იყო. ხალხი თამაშს მოედნის გარედანაც უყურებდა. ბათუმელთა მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თქმით, ანგისას სტადიონის საფეხბურთო გარემო ძალიან მოეწონა.

“რამდენი ხანია, ფეხბურთში ვარ და არ მეგონა, რამე თუ გამაოცებდა, მაგრამ რაც ამ შეხვედრაზე ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 1-ელი მაისი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული საღამო იყო და მიხარია, რომ ეს ბათუმში მოხდა. აჭარაში ფეხბურთი უყვართ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება და სიყვარული მაინც წარმოუდგენელი იყო. სტადიონზე ყველა ასაკის ხალხი იყო, ქალიც, კაციც და ისეთი ატმოსფერო შექმნეს, რომელზეც საქართველოში სულ ვოცნებობდი. სასწაული შეგრძნება იყო. ერთი შეხედვით, თითქოს, ბევრი არაფერიც არ მოხდა – გუნდის ბაზა აშენდა და ამ დროს, ბათუმში ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. თურმე, ფეხბურთს რამხელა ძალა ჰქონია და ხალხს როგორ ყვარებია. იმედი მაქვს, რომ ბათუმის “დინამო” წარმატებებს მიაღწევს და მსგავსი ლამაზი საღამოები ბევრი იქნება” – ამბობს გეგუჩაძე.