გია გაჩეჩილაძე - ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არსებობს, როგორც კრიტიკული ერთეული დაჯგუფება, საქართველოს ექნება პრობლემები
გია გაჩეჩილაძე - ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არსებობს, როგორც კრიტიკული ერთეული დაჯგუფება, საქართველოს ექნება პრობლემები

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არსებობს, როგორც კრიტიკული ერთეული დაჯგუფება, იქამდე საქართველოს ექნება პრობლემები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

გია გაჩეჩილაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილმა უზარმაზარმა დანაშაულმა რუსეთს საშუალება მისცა, საქართველოში თავისი პოზიციები გაეძლიერებინა, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.

„სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა აღადგინა თავისი სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე, ოპერაციის შემდეგ კი, ეკონომიკის დიდი ნაწილი თავისი სტრატეგიული ობიექტებით სააკაშვილმა რუსეთს გადასცა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში.

ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამ“. მოგეხსენებათ, რომ იმ მიტინგებზე ღიად გამოჩნდნენ რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირები. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქრონოლოგია არსებობს, რომელიც სახელმწიფო ღალატსა და დანაშაულებებზე მიუთითებს. 2004 წელს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა, დარეგულირებული ცხინვალის კონფლიქტი თავიდან აწეწა. მოგეხსენებათ, ცხინვალის რეგიონში შევარდნა მოხდა, ამ ოპერაციის შემდეგ საქართველომ სტრატეგიული სამხედრო ადგილები დაკარგა და ტერიტორიიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები გამოაძევეს. 2007 წელს სააკაშვილმა და პარლამენტმა აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ იყო გაუქმებული 1990 წელს. აღადგინა არამარტო იმ საზღვრებში, რომელიც კომუნისტების პერიოდში იყო, არამედ გაფართოებულ სახით და აი, ახლა რომ ბორდერიზაცია მიდის და მავთულხლართებს ავლებს რუსეთი, სწორედ იმ საზღვრების ფარგლებში ავლებენ, რომლის საშუალებაც სააკაშვილმა მისცა“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი გია გაჩეჩილაძე.

გია გაჩეჩილაძის თქმით, რუსეთიდან წამოსული აგრესიის დროს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ შეიტანა განაცხადი გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რაც საქართველოს ძვირად დაუჯდა.

„როდესაც რუსეთმა აშკარად დაიწყო ომი და ტექნიკის ჩვენს ტერიტორიაზე შემოყვანა, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ შეიტანა განაცხადი გაერო-ს უშიშროების საბჭოში აგრესიასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენ, როგორც გაერო-ს წევრი ქვეყნა, ვალდებული ვიყავით, ქვეყანაში როგორც კი სამხედრო აგრესიის ნიშნები გაჩნდებოდა, გაერო-სთვის გვეცნობებინა. გაერო-ს უშიშროების საბჭო სწორედ მაგიტომ არსებობს, რომ ეს კონფლიქტები შეაჩეროს. მაშინდელმა ხელისუფლებამ კი დამალა, 8 აგვისტოს განაცხადი პირველმა რუსეთმა შეიტანა და საქართველო დაადანაშაულა ასეთი თაღლითური ნაბიჯი გადადგა რუსეთის მხარემ.

2008 წლის ოქტომბერში კი, ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობდა, ამ რეზოლუციით მაშინდელმა ხელისუფლებამ „გაუპრავეს“ რუსეთს ის, რაც ჩაიდინა. რეზოლუციაში ჩაიწერე პირდაპირ, რომ პირველმა შეიარაღებული მოქმედებები საქართველომ დაიწყო, რომლის საპასუხოდ დაიწყო რუსეთმა მოქმედებები. „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ამ აქტს. ეს აქტი არის ყველაზე სამარცხვინო, რადგან სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი შეუქმნა რუსეთს. ამ ყველაფრის შემდეგ კი, დეკემბერში ხელი მოაწერეს „ენგურჰესის“ „ინტერ რაოს“ მმართველობაში გადაცემას“, – განაცხადა დეპუტატმა.

გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ 2010 წელს ჰააგის სისიხლის სამართლის ტრიბუნალმა შეწყვიტა წარმოებული პროცესი რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ჰააგის ტრიბუნალის მოთხოვნები ომთან დაკავშირებით.

„როცა 2014 წელს საქართველომ ისევ თავიდან მიმართა ჰააგის ტრიბუნალს, საოცარი რამე მოხდა, დოკუმენტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დოკუმენტების დედნები არ აღმოჩნდა. მე იმედი მაქვს, რომ წელს ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება და რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდაში დადანაშაულებული იქნება.

ყველაფერი სახელმწიფოს ღალატის ნიშნებს ატარებს და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გრძელდება, იმ თვალსაზრისით, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არსებობს, როგორც კრიტიკული ერთეული დაჯგუფება, იქამდე საქათველოს ექნება პრობლემები. ეს თვალნათლივ ვნახეთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.