გია გაჩეჩილაძე სერგო რატიანს - ნუ გამოდიხართ და ნუ ლაპარაკობთ ასეთ რაღაცებს, სირცხვილია
გია გაჩეჩილაძე სერგო რატიანს - ნუ გამოდიხართ და ნუ ლაპარაკობთ ასეთ რაღაცებს, სირცხვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დაბალ დონეზე იყო, დღეს კი მედიის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.

დეპუტატის თქმით, 2003 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველო 73-ე ადგილზე იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 104-ე ადგილზე.

“აქ არის მონაცემები ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მონაცემები, ალბათ ენდობით ამ ორგანიზაციას. ეს არის საერთაშორისო უმსხვილესი ორგანიზაცია. ჩაიხედეთ ამ რეიტინგებში. ჩვენთან შედარებით კი არა, შევარდნაძის პერიოდთან დაკავშირებით, ისეთი საშინელი რეიტინგები ჰქონდა საქართველოს მედია თავისუფლებას, რომ გაგიკვირდებათ. 2003 წელს მაგალითად, როდესაც შევარდნაძემ დაამთავრა თავისი მოღვაწეობა, რეგიონში მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველო იყო 73-ე ადგილზე და თქვენ რომ დაამთავრეთ მოღვაწეობა, 104-ე ადგილზე იყავით და უზბეკეთის დონეზე იყო საქართველო. რაზე ლაპარაკობთ, რა მედიაზე ლაპარაკობთ, რეებს მიედ-მოედებით. დღეს 2017 წლის მონაცემებით, ყველაზე კარგი მონაცემები გვაქვს რეგიონში და 64-ე ადგილზე ვართ, 40 პუნქტით არის გაუმჯობესებული, ვიდრე თქვენს დროს. არ ვლაპარაკობ იმ ფაქტებზე, დარბევებზე, უბედურებებზე, ჩექმებზე, თავში რომ ურტყამდით მედიას, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, ნუ გამოდიხართ და ნუ ლაპარაკობთ ასეთ რაღაცებს, სირცხვილია. რაც ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, აბსოლუტურ გარანტიას იძლევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფრო თავისუფალი, ვიდრე დღეს არის”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება რატიანის გამოსვლას, მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონოდა მეტი ნდობა, თუმცა 2012 წელს ყველაფერი შეიცვალა.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი შესაძლებელია გამოსულიყო ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი კონტროლის ქვეშ და ყოფილიყო გაცილებით უფრო კრიტიკული და ადეკვატური, მეტად ყოფილიყო ძალაუფლების შემაფერხებელი ფაქტორი. თქვენ პირველი წლების განმავლობაში დაარბიეთ ბორდი, გააუქმეთ ბორდი რომელიც იყო, წლების განმავლობაში ოპოზიციის შეზღუდული კვოტა არ დაუშვით და ყველაფერი გააკეთეთ, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობა ყოფილიყო ნული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ცვლილებები იმგვარია, რომ ხელს უწყობს რისკების ზრდას, როგორც კორუფციის მიმართულებით, ისე პროტექციის მიმართულებით. ისედაც ყველაფერი გააკეთეთ, რათა მედიაგარემო და თანხები, რომელიც არის მედიასივრცეში, ყოფილიყო შეზღუდული. იმის მაგივრად, რომ ახლა ეცადოთ სიტუაციის გამოსწორებას, ფაქტობრივად, ამ სივრცეში ამატებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ასევე ძალიან დიდ თანხას ღებულობს. ეს არის სერიოზული რისკი, რადგან ჩვენ ვაძლევთ საზოგადოებრივ მაუწყებელს იმხელა თანხას, რომ ფაქტობრივად, ყველა დანარჩენი ტელევიზიები ვერ იღებდნენ ამას რეკლამიდან”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რაც არ უნდა ძალაუფლება ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს მის მიმართ ნდობა არ გაიზრდება.

“რასაც თქვენ აკეთებთ წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად შეზღუდვა მედიის თავისუფლების სივრცისა. ეს არის დაქვემდებარება და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არხი არ წარმოადგენს უმრავლესობასაც კი, ეს თქვენ არ წარმოგადგენთ, ეს არ არის თქვენი ინტერესის არხი, ეს არის ერთი კაცის ბიძინა ივანიშვილის ინტერესის მომსახურების არხი. ეს “ჯიდიესის” პროგრამაც არ არის, ეს არის 2030-ის პროექტი. რაც არ უნდა ძალაუფლება ჰქონდეს ამ ადამიანს, ამ არხის მიმართ ნდობა არ გაიზრდება, რადგან ძალიან მარტივი და შეიძლება პარადოქსული რამ მოქმედებს, ყოველთვის “ვანოს შოუში” ბიძინა ივანიშვილი იქნება გაცილებით პოპულარული და მას ექნება და გაცილებით მაღალი ყურებადობა, ვიდრე ეს ექნება თქვენს არხებზე, რადგან იქ გინდათ აჩვენოთ შელამაზებული სინამდვილე, რომლის შელამაზებაც არის შეუძლებელი”, – აღნიშნა სერგო რატიანმა.

პარლამენტის სხდომაზე დღეს “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის ცვლილებები დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარუდგინა.