გია გაჩეჩილაძე - რაც  უნდა მოხდეს „თიბისი ბანკში“, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი მაინც განხორციელდება, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია
გია გაჩეჩილაძე - რაც უნდა მოხდეს „თიბისი ბანკში“, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი მაინც განხორციელდება, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია

უმრავლესობის დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს კითხვით მიმართა, რა კავშირშია ერთმანეთთან „თიბისი ბანკში“ მიმდინარე პროცესები და ანაკლიის პორტის პროექტი.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტი მაინც განხორციელდება, რაც არ უნდა მოხდეს „თიბისი ბანკში“.

„თუ „თიბისი ბანკში“ მიმდინარე პროცესები​ ​არავითარ კავშირში არ არის ანაკლიის პორტთან მიმართებაში, როგორი პოლიტიკური ბმა შეიძლება იყოს, რომ „თიბისიში“ მიმდინარე პროცესები ანაკლიის პორტის ჩაგდების, გადავადების საკითხებთან იყოს დაკავშირებული. ეს ხომ გეოპოლიტიკური საკითხებია, უზარმაზარი კომპანიები, რომლებიც ამაში მონაწილეობენ და რომლებსაც უნდათ მონაწილეობა, რომელიც მიბმული არის აბრეშუმის ახალ გზასთან და, რომელშიც მოგეხსენებათ, კიდევ ვინ არის ჩართული. აღარ დავასახელებ განცხადებებს, რომლებიც უახლოესი რამდენიმე დღის წინ გაცხადდა სხვადასხვა სამიტებზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ეს იმხელა ინტერესია, რომ რაც არ უნდა მოხდეს „თიბისი ბანკში“, მაპატიეთ, რაც არ უნდა მოხდეს ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, იქნებიან ისინი „თიბისი ბანკში“ თუ არ იქნებიან, პროექტები მაინც განხორციელდება. კარგად გვახსოვს, ნავთობსადენებთან დაკავშირებით შევარდნაძის პერიოდში რა ხდებოდა, როგორ იყო, რა ამბები ტრიალებდა, მაგრამ მაინც გაკეთდა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ეს სახელმწიფოებირივი მნიშვნელობის საკითხია.

„თქვენი პასუხი მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, რაც „თიბისიში“ ხდება, არის თუ არა ეს მიბმული ანაკლიის პორტთან მიმართებაში? ეს მაინტერესებს ყველაზე ძალიან, რადგან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.