გია გაჩეჩილაძე - „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ ადამიანები, ვისი იმედიც ასე თუ ისე, კიდევ გვქონდა
გია გაჩეჩილაძე - „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ ადამიანები, ვისი იმედიც ასე თუ ისე, კიდევ გვქონდა

„ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ ადამიანები, ვისი იმედიც ასე თუ ისე, კიდევ გვქონდა დარჩენილი, – განაცხადა მუსიკოსმა, გია გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც ბრძოლა ერთად გვაქვს გამოვლილი. ამ სამ თვეში, რაც არჩევნების შემდეგ გავიდა, რაღაც ხომ უნდა დაგვენახა, არა?! ამ დროს, პირიქით, უარესობა დავინახეთ. ანუ, საქმე კარგისკენ და გაკეთილშობილებისკენ კი არ წავიდა, პირიქით – გაუარესებისკენ. მაშინ, გვითხრან, რამდენი თვე უნდა ველოდოთ და როდის დაიწყება გარდატეხა, მაგრამ ამ რესურსს ვერანაირად ვეღარ ვგრძნობთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა „დაიცავი საქართველო“ ერთგვარი მესამე ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მათ სურთ, ამ საზოგადოებრივი მოძრაობიდან ის პოლიტიკური ძალა აღმოცენდეს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

„იქ იყო ნათქვამი, რომ მხოლოდ ახალგაზრდები და რაღაც. ახალგაზრდობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება, პოლიტიკურად და ამ ბოლო დროს, მე პირადად, ძალიან კარგი ახალგაზრდები გავიცანი, მაგრამ აქ მხოლოდ ახალგაზრდები არ იქნებიან. იქნება ყველა ღირსეული ადამიანი, ვისაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე და არა ბიუჯეტის ხვრაზე და იმაზე, როგორ მოიპაროს და გააჩანაგოს საქართველოს ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, თორემ მე და დათო მაღრაძე რომ პოლიტიკაში წამვსლელი არ ვართ, ძალიან კარგად იცით. ჩვენ უბრალოდ გვინდა, ამ ადამინებს ხელი შევუწყოთ, ვუბიძგოთ და ისინი საზოგადოებას გავაცნოთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, 13 აპრილის ღონისძიებაზე იქნება ძალიან ბევრი კარგი, ნათელი სახე და იქ თავს შეიყრიან ისეთი ადამიანები, რომელთა ნახვაც მთელ საზოგადოებას გაუხარდება.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა მათ შორის ეკა ბესელია და მმართველი გუნდიდან ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატები, გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ „დაიცავი საქართველო“ არ არის ჩაკეტილი სივრცე, მათი კარი აბსოლუტურად ყველასთვისაა გახსნილი და ვისაც სამშობლოზე გული შესტკივა, ყველას შეუძლია, ამ ღონისძიებას დაესწროს.