გია გაჩეჩილაძე - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშანს ნამდვილად ვერ დავსვამ, მაგრამ ეს ჩიხია
გია გაჩეჩილაძე - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშანს ნამდვილად ვერ დავსვამ, მაგრამ ეს ჩიხია

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშანს ნამდვილად ვერ დავსვამ, მაგრამ ეს ჩიხია, – ამის შესახებ მუსიკოსმა, გია გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ქართულ ოცნებაში“ დღეს კიდევ არიან შემორჩენილი ის ადამიანები, რომელთა გამო არაფრით არ შეიძლება, ტოლობის ნიშანი დაისვას, მაგრამ ეს ჩიხია“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამ განცხადებით გია გაჩეჩილაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, სვამს თუ არა ის ტოლობის ნიშანს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით ქვეყანა ვეღარ ვითარდება.

გადავხედავ-გადმოვხედავ და კომენტარებს ვისმენ ხოლმე, რომ აი, თქვენდა უნებურად, ნაციონალების წისქვილზე ასხმათ წყალს და ა.შ. ნუ, კარგი რა. ეს ლაპარაკი უკვე ოთხი-ხუთი წელია არის და ე.ი, ნაციონალების შიშით ქვეყანა ვეღარ ვითარდება. იმიტომ, რომ ერთი და იგივე ხდება. ერთის შიშით, ადამიანები მიდიან და მეორეს აძლევენ ხმას“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, უკვე ყველა ზღვარმა გადაიარა და მუდმივად ერთი და იგივე არგუმენტების მოშველიება არ შეიძლება.

„აი, მოვა 2020 წელი და იგივე დაიწყება, აბსოლუტურად – აღარ გახსოვთ ის ადამიანები?! ხმა არ მისცეთ, თორემ მიშა სააკაშვილი დაბრუნდება და ა.შ. უკვე ყველა ზღვარმა გადაიარა. არ შეიძლება, სულ ერთი და იგივე არგუმენტები იძახო. მე არ მაქვს იმის შიში, რომ დავუშვათ, ვიღაც დაბრუნდება, ან არ დაბრუნდება. მე სტაგნაციას ვხედავ, რაც ჩემ ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ადამიანებს ხვალინდელი დღის შიში არ უნდა ჰქონდეთ.

„ადამიანს არ უნდა ჰქონდეს შიში იმისა, რომ ხვალ ბავშვისთვის საჭმელი აღარ ექნება, რომ მოხუცებულ მშობლებს წამალს ვეღარ უყიდის, რომ შეიძლება, ხვალ ვიღაცამ სახლიდან გამოგაგდოს, რომ შეიძლება, შენს ქვეყანას ტერიტორიები ჩამოერთვას, რომ შეიძლება, უსამართლოდ პასუხი მოგთხოვონ ისეთ რაღაცაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს და ა.შ. ასე შემოქმედებითი მხარე იკარგება. ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, თუ ეს შიში ასე მუდმივად თან დაგვყვება. ეს შიში კი, მუდმივად თან დაგვყვება, 25 წლის განმავლობაში“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.