გია გაჩეჩილაძე - პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია, წავიდეს პენსიაზე და დაუბრუნდეს წინა მოღვაწეობას
იმ შემთხვევაში, თუ გავიზიარებდით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს და 2020 წელს დავტოვებდით სუფთა პროპორციულ სისტემას ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე, ეს თავისთავად გულისხმობდა პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ან ორი პარტია შეძლებდა პარლამენტის დაკომპლექტებას, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ცდილობდა და ყოველთვის ცდილობს, იყოს ერთადერთი ალტერნატივა.
„ვინ იყო ეს მეორე პარტია, რომელიც დაინტერესებული იყო ამ სქემით. ერთადერთი პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა და ცდილობს ყოველთვის, რომ იყოს ერთადერთი ალტერნატივა, ის სქემა, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, სწორედ ამას გულისხმობდა. ამ სქემით დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი მოკვდებოდა საქართველოში და „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩებოდა როგორც ალტერნატივა პოლიტიკურ სისტემაში“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
როგორც გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, პარლამენტში არსებულმა უმრავლესობამ პრობლემები დაძლია და შეინარჩუნა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა.
„ეს რას გამოიწვევდა პერსპექტივაში, ალბათ ყველასთვის გასაგებია. სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ საბედნიეროდ პარლამენტში არსებულმა უმრავლესობამ პრობლემები დაძლია, შეინარჩუნა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და უნდა გითხრათ, რომ მადლობა გაქვთ მოსახდელი უმრავლესობისათვის, რომ არ მოგცათ საშუალება ასეთი რამ გაგეკეთებინათ, რადგან იცით წარსული პრეზიდენტების ბედი საქართველოში. როდესაც აქ დესტაბილიზაცია ან რაღაც უბედურება დატრიალდებოდა თქვენი ვეტოების გამო, მერე ალბათ საზოგადოება ამას პირველ რიგში თქვენ მოგკითხავდათ, ახლა კიდევ თავისუფლად შეგიძლიათ კმაყოფილმა დაამთავროთ თქვენი საპრეზიდენტო ვადა, წახვიდეთ პენსიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს წინა მოღვაწეობას“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.