გია გაჩეჩილაძე - პარლამენტში საფრთხის შემცველი სამუშაოა
გია გაჩეჩილაძე - პარლამენტში საფრთხის შემცველი სამუშაოა

საპარლამენტო ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარის გია გაჩეჩილაძის მოსაზრებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ადამიანები მავნე პირობებში მუშაობდნენ.

გია გაჩეჩილაძემ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის პირობებზე ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მეორე მოსმენით შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით იმსჯელეს.

“პარლამენტზე რომ ვისაუბროთ, ქუთაისში მდებარე  შენობაში მავნე პირობებში ვმუშაობთ. იცით, შენობაში რა ეკოლოგიური მდგომარეობაა? არსებული პირობები შესწავლილია და ამასთან დაკავშირებით დასკვნაც არსებობს. პარლამენტში საფრთხის შემცველი სამუშაოცაა, რადგან იქ ათასი ძალადობაა. შესაბამისად საჭიროა, სადაც დაპირისპირება და ჩხუბია, სპეციალური აღჭურვილობაც იყოს”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამასთან, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ შემოწმებას მძიმე და საფრთხის შემცველი სამუშაოების გარდა საჯარო სამსახურიც დაემატოს. აღნიშნულ მოთხოვნას მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე არ დაეთანხმა.