გია გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“ დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ვეცდებით, ისეთი კოალიციის შემადგენლობაში შევიდეთ, რომელიც განაპირობებს დასავლური კურსის სიმყარეს
გია გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“ დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ვეცდებით, ისეთი კოალიციის შემადგენლობაში შევიდეთ, რომელიც განაპირობებს დასავლური კურსის სიმყარეს

„მწვანეთა პარტია“ დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში და ვეცდებით, როცა ჩვენი წარმომადგენლობა შევა პარლამენტში, ისეთ პარტიებთან ვიქონიოთ კავშირი, რომლებიც არიან დასავლური ორიენტაციის, – ამის შესახებ დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ განაცხადა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას.

მისი თქმით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის განშტოებებთან არ ითანამშრომლებს.

„ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებლად მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, რადგან ბლოკები არ იქნება და ვეცდებით, როდესაც ჩვენი წარმომადგენლობა შევა პარლამენტში, ისეთ პარტიებთან დავიჭიროთ კავშირი, რომლებიც არიან დასავლური ორიენტაციის, არ არიან, ასე ვთქვათ, ოკუპანტებთან დაკავშირებული ღიად თუ ფარულად – ვგულისხმობ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი განშტოებებით. ბუნებრივია, ვეცდებით, ისეთი მძლავრი კოალიციის შემადგენლობაში შევიდეთ, რომელიც განაპირობებს დასავლური კურსის სიმყარეს ქვეყანაში“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, საპარლამენტო არჩევნებზე  პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ გავა.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შანსებს საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“, ალბათ, პირველ ადგილზე გავა. მე ასე ვფიქრობ და არ ვიცი, უმრავლესობას მოიპოვებს-არ მოიპოვებს სხვა თემაა, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ, ვფიქრობ, კოალიციური მთავრობა „ქართული ოცნების“ ლიდერობით იქნება“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.