გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ვერ გაუძლო
გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ვერ გაუძლო

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის მოსაზრებით, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ვერ გაუძლო, რადგან მისივე თქმით, ძალიან დიდი შეტევებია, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

პირველ არხთან საუბარში გია გაჩეჩილაძე თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის წასვლას გამოეხმაურა.

„როცა ნინო გვენეტაძეს ვირჩევდით, იურისტებთან კონსულტაცია მქონდა, მათ შორის მის მასწავლებლებთანაც კი, რომელთაც მითხრეს, რომ პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანია. როგორც ჩანს, განათლებისა და პატიოსნების გარდა, ასეთ თანამდებობაზე ყოფნას სხვა რამეც სჭირდება. ალბათ, პოზიციებში უფრო სიმყარე და მეტი გაძლება. ჩვენც ბევრ რამეს ვუძლებთ, რადგან თმენის ვალდებულება გვაქვს. თმენის ვალდებულება მასაც უნდა ჰქონოდა. ადამიანი ასეთ თანამდებობაზე შეიძლება მართლა დაავადდეს, თუმცა ალბათ, გადაწყვიტა, რომ აღარ შეუძლია. ალბათ, ვერ გაუძლო, რადგან ძალიან დიდი შემოტევებია გარედან, შიგნიდან. არამოსამართლე წევრები მუდმივად ოპოზიციაში უდგანან და შეურაცხყოფას აყენებენ“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანების არსებობაზე, საუბრები გაზვიადებულია.

„სასამართლო გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ადრე იყო. ადრე, სასამართლო პროკურატურას ნოტარიუსივით შტამპებს ურტყამდა. ახლა შედარებით თავისუფალია და ეჭვი მეპარება, „კლანები” არსებობდეს. დაჯგუფებები ყველგან არსებობს, პარლამენტშიც და სასამართლოშიც”, – დასძენს გაჩეჩილაძე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.