გია გაჩეჩილაძე -  არავისთან ვაპირებ კომუნიკაციას, იმდენად საჯარო გახდა ეს თემა
გია გაჩეჩილაძე - არავისთან ვაპირებ კომუნიკაციას, იმდენად საჯარო გახდა ეს თემა

საზოგადოებას მინდა მივულოცო ის ამბავი, რომ ჩემი განცხადებები თურმე აბსურდი და ბოდვა არ ყოფილა და კომუნიკაციის სააგენტომ მეშვიდე პუნქტი მოკვლევაში მიიღო, – ამის შესახებ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების შეფასებისას გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გია გაჩეჩილაძის თქმით, არ ეთანხმება გადაწყვეტილებას მეათე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც კონკურენციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა და რომლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი სააგენტომ დაუშვებლად ცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე საზოგადოების ინტერესის ქვეშ მოექცა და სხვანაირი გადაწყვეტილება არც შეიძლება დამდგარიყო. იმდენად ნათელი ფაქტებით გვქონდა, რომ არ შეიძლებოდა უარი ეთქვათ, იმიტომ რომ გონივრული ეჭვი კი არა, იმაზე უფრო მეტიც არსებობდა. მიხარია, რომ მოკვლევა დაიწყო,  რადგან მოკვლევა არ იწყება თუ რაღაცა გონივრული ეჭვი არ გაჩნდა – ზუსტად ის ეჭვი, რაზეც მე ვლაპარაკობდი და რაზეც მეუბნებოდნენ, რომ ეს არის აბსურდის თეატრი და ეს არის ბოდვა. ამიტომ გილოცავთ ყველას პირველი ნაბიჯის გადადგმას იმისკენ, რომ საქართველოში ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს, რასაც ჰქვია ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვა და რამდენიმე კონკრეტული ადამიანის ჯიბეში წასული ფული“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გია გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ზუსტად აისახება და იგრძნობა, რომ ხადური არ არის თავისუფალი.

როგორც გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, აბსოლუტურად ღიაა ხადურის უწყებასთან და სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის.

„ახლა თუ არ ატყდა დაწოლა, შანტაჟები და ფულის მიცემა, აუცილებლად მივაღწევთ ჭეშმარიტებას“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ხეჩიკაშვილს იცავდა პრემიერი და ის თავიდანვე ამბობდა, რომ ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა პრემიერ-მინისტრი.

„პრემიერი არ იყო ბოლომდე ინფორმირებული იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა. ჩემთვის რომ მოესმინა, მივაწვდიდი ინფორმაციას. შეცდომაში შეყავთ კიდევ საზოგადოება. არის ბრძანება, რომ კონკურენციის სააგენტომ ჩვენს ძირითად მოთხოვნაში მოკვლევა დაიწყო, რომ არის კარტელური გარიგებები და ახლა თუ უნდათ იმის გადაფარვა, რომ არაფერი ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ხდება და მოხდა უკვე, რომ დაიწყო მოკვლევა“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, აპირებთ თუ არა ამის შემდეგ პრემიერთან კომუნიკაციას, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ არავისთან აპირებს კომუნიკაციას.

„მივყვებით სამართლებრივად პროცესებს და იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ, როგორ განვითარდება ეს პროცესები. მე მინდოდა, მაგრამ არ მომეცა ამის შესაძლებლობა, როცა საჭირო იყო. ახლა იმდენად გახსნილია და იმდენად საჯარო გახდა ეს თემა, არ ვაპირებ კომუნიკაციას”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კონკურენციის სააგენტომ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დღეს დაუშვებლად ცნო. თუმცა, საჩივრის იმ ნაწილს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ექვსი ეკონომიკური აგენტის მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, კონკურენციის სააგენტო გამოიკვლევს.

საუბარია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევაზე.

„სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით, განცხადება კონკურენციის სააგენტომ დღეს გაავრცელა.