გია ჟორჟოლიანი - „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ისეთი ტერმინები უნდა ჩაიწეროს, რაც ნაკლები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა
გია ჟორჟოლიანი - „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ისეთი ტერმინები უნდა ჩაიწეროს, რაც ნაკლები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ისეთი ტერმინები უნდა ჩაიწეროს, რაც ნაკლები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მიღებული წესია, რომ ასეთი კონცეპტუალური ტერმინები კანონებში ნაკლებად იწერება.

„როგორც კანონპროექტის ინიციატორებმა განაცხადეს, მათი მიზანია ჩვენი კანონმდებლობა ამ ნაწილში გაერო-ს ბავშვთა კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს. აქ ტერმინოლოგიური საკითხია, რასაც მე ვიზიარებ. გაერო-ს კონვენციის შემქმნელებმა სპეციალური ტერმინოლოგია არანაკლებად იციან. ისინი წერენ, რა არის ლიბერალური. ეს არის შემწყნარებლობა, თანასწორობა და თავისუფლება. სპეციალურად ვიკითხე გაერო-ს კონვენციაში ეს როგორ არის წარმოდგენილი. სწორედ ასეა. ამიტომ უკეთესი და მიღებული წესია, რომ ასეთი კონცეპტუალური ტერმინები კანონებში ნაკლებად იწერება. კანონებში იწერება ზუსტად რას ნიშნავს. ინტერპრეტაციის საშუალება რაც ნაკლები დარჩება, მით უკეთესი. ამ კონცეფციაზე ინტერპრეტაცია იმდენია, რამდენი ახირებული და არაახირებული კაცია საქართველოში“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, რომლის გათვალისწინებით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: „ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.