გია ჟორჟოლიანი - თუ არსებობს დანაშაული, დანაშაულის ჩამდენი უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, რამდენი მილიონი შემოიტანა
გია ჟორჟოლიანი - თუ არსებობს დანაშაული, დანაშაულის ჩამდენი უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, რამდენი მილიონი შემოიტანა

კარგი იქნება, თუ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობენ იმ პოლიტიკით, რომელიც დღეს არის საქართველოში, აშკარად ჩაერთვებიან პოლიტიკაში, საზოგადოება და ამომრჩეველი კი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ფრაქციის„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

​„ამ ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა შემოეტანათ რამდენიმე მილიონი ლარი, მათთვის გირაოს შეფარდება ამას აფერხებს და ა.შ. – ეს არგუმენტი არ არის. თუ არსებობს დანაშაული, მაშინ ამ დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი შემოიტანა ამ დანაშაულის ჩამდენმა. ეს არგუმენტი არ არის ღირებული. მე არც პროკურორი გახლავართ, არც ბრალმდებელი და არც ადვოკატი. ვიდრე ეს საქმე სრულად არ იქნება გამოძიებული, მანამდე კითხვის ნიშნები რჩება“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეში პოლიტიკასთან კავშირს ვერ ხედავს.

„ვფიქრობ, ასეთი ბიზნესჯგუფების პოლიტიკური გააქტიურება, თუ ღიად და აშკარად ჩაერთვებიან პოლიტიკაში, იქნება მხოლოდ სასარგებლო. რამდენიმე ათწლეულია, საქართველოში ამ ჯგუფის ვიწრო ინტერესებში ხორციელდება პოლიტიკა. ამავე დროს, თითქოს ისინი პოლიტიკაში არ მონაწილეობენ, მაგრამ მათ ინტერესებშია ის პოლიტიკური წესრიგი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია დამყარებული. ადამიანებმა, მათ შორის ამომრჩევლებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, ვის რა პოლიტიკა, ინტერესი და წესრიგი აწყობს. კარგი იქნება, თუ ყველა ძალიან მკაფიოდ, აშკარად წარმოადგენს თავის ინტერესებს. კარგი იქნება, თუ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობენ იმ პოლიტიკით, რომელიც დღეს არის საქართველოში, აშკარად ჩაერთვებიან პოლიტიკაში, საზოგადოება და ამომრჩეველი კი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. მმართველი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი და იგივე პოლიტიკის მომხრეები არიან. ეს პოლიტიკა არის ორივე ჯგუფის ინტერესებში. ყველა საკითხი უნდა იქნას განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილება. კითხვის ნიშნები იქნება მანამდე, სანამ საბოლოოდ ყველაფერი არ გაირკვევა და ძალიან მკაფიო და აშკარა არ გახდება“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.