გია ჟორჟოლიანი - „სოციალ-დემოკრატები“ ვაპირებთ, საარჩევნო სისტემაზე დისკუსია შევწყვიტოთ და აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდეთ
გია ჟორჟოლიანი - „სოციალ-დემოკრატები“ ვაპირებთ, საარჩევნო სისტემაზე დისკუსია შევწყვიტოთ და აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდეთ

„სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ იმ დეპუტატების რესურსის საფუძველზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების მიღწევა, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს.

მისი თქმით, დეპუტატების ამ ნაწილს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვთ, ისტორიული როლი შეასრულონ.

„17 თებერვალს ჩვენს მიერ შეთავაზებულ იყო ინიციატივა მმართველი პარტიის მისამართით, განეახლებინა საარჩევნო სისტემის მეტი პროპორციულობის პრინციპის მიღწევის საკითხზე დიალოგის რეჟიმი დეპუტატების იმ ნაწილთან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. მათი რესურსის საფუძველზე შესაძლებელია, მიღწეულ იყოს ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს. მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ამ ნაწილს აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, შეასრულონ ისტორიული როლი, რათა მათი პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად შეიცვალოს პოლიტიკურ სარბიელზე დღემდე არსებული ორპოლუსიანობა „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან ასოცირებულ ოპოზიციას შორის“, – ამბობს ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკითხის ინიცირება არაუგვიანეს 9 მარტისა უნდა მოახდინოს.

„დიალოგის პროცესში ფართო კონსენსუსის მიუღწევლობის პირობებშიც კი, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ვარიანტი (40 პროცენტი ზღვარი, 110/40, 1 პროცენტი ბარიერი), გააუმჯობესებს არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის საარჩევნო გარემოს“,  – აცხადებს ჟორჟოლიანი.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის პროცესში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს დიალოგის პროცესით მიღწეული შედეგის მნიშვნელობა, როგორც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებისთვის.

ჟორჟოლიანის თქმით, „სოციალ-დემოკრატები“ საარჩევნო სისტემის საკითხზე დისკუსიას წყვეტენ და აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადიან.

„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ ნიშნავს პოლიტიკის ცვლილებას. სამწუხარო რეალობაა, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში უფრო მნიშვნელოვანია შეკითხვა – როგორ გავხდე მთავრობა, ვიდრე შეკითხვა – რისთვის უნდა გავხდე მთავრობა. აქედან გამომდინარე, „სოციალ-დემოკრატები“ ვაპირებთ, შევწყვიტოთ დისკუსია საარჩევნო სისტემის თაობაზე და გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, რომლის მიზანია, მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა და ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.