გია ჟორჟოლიანი - სამთავრობო პროგრამას მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ საკადრო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ
გია ჟორჟოლიანი - სამთავრობო პროგრამას მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ საკადრო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ

ჩვენი, სოციალ-დემოკრატების პოზიცია გახლავთ იგივე, რაც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განვაცხადე – პროგრამას, რომელიც აქვს წარმოდგენილი მთავრობას, ცხადია, მხარს არ ვუჭერთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობაში ვიქნებოდით, – ამის შესახებ დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა ფრაქციის სხდომის დაწყებამდე.

მისი თქმით, არსებითი ცვლილებები არაფერია.

„ისევ ის პოლიტიკაა, რომელიც აქამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებას”. მაგრამ ეს საკადრო ცვლილებები გულისხმობ პერსონალურ ცვლილებებს, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება, ვფიქრობ, მიმართულია იქითკენ, რომ უზრუნველყოფილი იქნას მეტ-ნაკლებად წესრიგი და სტაბილურობა, რაც აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს პირობები არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის. არის ხალხი საქართველოში, ვისაც არ უნდა ეს არჩევნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება დამღუპველი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დეპუტატის თქმით, ყველანაირი სხვა გზა, მაგალითად, ვადამდელი არჩევნები ან დესტაბილიზაცია ყველა შემთხვევაში უკან დახევს ქვეყანას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2020 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს არ მართავენ ქვეყანას აღმოჩდნენ უფრო სერიოზულ პოზიციაზე და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში, მათ შორის ჩვენი პარტია, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ეს წესრიგი და სტაბილურობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ეს ცვლილებები ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ამიტომ ამ საკადრო ცვლილებებს ჩვენ მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გრძელდება. ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია  „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან იმართება.