გია ჟორჟოლიანი - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია მოგროვდეს „ქართული ოცნების“ 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები
გია ჟორჟოლიანი - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია მოგროვდეს „ქართული ოცნების“ 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები

„სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისთვის აუცილებელი არ არის კონსენსუსის მიღწევა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია მოგროვდეს „ქართული ოცნების“ წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟორჟოლიანმა განაცხადა, ბოლო დღეებში, ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“, მეორე მხრივ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის დისკუსია განახლდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

„საზოგადოებას ესმის ამ პოლიტიკურ ძალთა ურთიერთბრალდებები. ორივე მხარე „შიშობს“, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ეჭქვეშ დადგეს და ამაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამგვარი ვითომდა „ჩიხი“ რამდენიმე თვის წინაც შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას. ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ და დღესაც ვიმეორებთ: საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი კონსენსუსი „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია მოგროვდეს ქართული ოცნების წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები (ამ ორ პარტიას ერთად ჰყავს სულ 27 დეპუტატი). ამ დეპუტატთა უდიდეს უმრავლესობას საჯაროდ არაერთხელ აქვს დაფიქსირებული, რომ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებას.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გააწბილა, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, მათი უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციული მოქმედებები დიდი ხანია ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ პოლიტიკური ჯგუფების მიერ არაარსებითი და არარსებული მიზეზების მოშველიებით, საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა მათ დააკისრებს უდიდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რასაც იმედი გვაქვს, ჩვენი ხალხი გაითვალისწინებს არჩევნებზე“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დატოვე კომენტარი