გია ჟორჟოლიანი - „ქართულ ოცნებას“ არ სურს, არსებული პოლიტიკური ვითარება შეცვალოს და რეალური ცვლილებებისთვის შესაძლებლობა შექმნას
გია ჟორჟოლიანი - „ქართულ ოცნებას“ არ სურს, არსებული პოლიტიკური ვითარება შეცვალოს და რეალური ცვლილებებისთვის შესაძლებლობა შექმნას

პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, არსებული პოლიტიკური ვითარება შეცვალოს და რეალური ცვლილებებისთვის შესაძლებლობა შექმნას.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟორჟოლიანმა განაცხადა, შეგნებულად იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არის მხოლოდ ორი პოლიტიკური მხარე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, და თუ არ იქნება „ოცნება“, მაშინ ხელისუფლებაში დაბრუნდება რევანშისტულად განწყობილი „ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს ვითარება ბლოკავს ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიას ქვეყნის განვითარების საკითხებზე. „სოციალ-დემოკრატები“ მხარს ვუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მეტიც, ამ სისტემის ჩვენს მიერ შეთავაზებული ვარიანტი ითვალისწინებდა რეგიონულ წარმომადგენლობას და დეპუტატების ბმას ადგილობრივ ინტერესებთან. რამდენიმე დღის წინ კვლავ მივმართეთ უმრავლესობას, მაგრამ უშედეგოდ. ის, რომ ჩვენი ვარიანტი არ გახდა სერიოზული განხილვის საგანი, მიუთითებს საკითხის განხილვის კონიუქტურულ, დემოკრატიისთვის საზიანო ხასიათზე. განსხვავებით „ქართული ოცნებისა“ და იმ პარტიებისგან, ვინც ქუჩის აქციებს მართავს, ჩვენ სოციალ-დემოკრატები არ ვიბრძვით ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ხელისუფლების მორიგი ცვლილებისათვის ან უბრალოდ პარლამენტში მოხვედრისთვის, ვიბრძვით ქვეყანაში ნამდვილი რევოლუციური ცვლილებების განხორციელებისთვის. ამ ცვლილებების განხორციელებისთვის არ გვჭირდება არეულობა – გვჭირდება უმრავლესობა, ვინც ჩვენს მიზნებს გაიზიარებს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.