გია ჟორჟოლიანი - მთავრობაში განხორციელებული პერსონალური ცვლილებები წესრიგისა და სტაბილურობისკენ წინგადადგმული ნაბიჯია
გია ჟორჟოლიანი - მთავრობაში განხორციელებული პერსონალური ცვლილებები წესრიგისა და სტაბილურობისკენ წინგადადგმული ნაბიჯია

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მთავრობაში განხორციელებული პერსონალური ცვლილებები წესრიგისა და სტაბილურობისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟორჟოლიანმა განაცხადა, მან და მირიან წიკლაურმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს, თუმცა სამთავრობო პროგრამას არ ეთანხმებიან.

„ახალ სამთავრობო პროგრამას გავეცანით, თუმცა მასში ახალს ვერაფერს ვხედავთ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსს უწინდებურად არ ვეთანხმებით. რომ ვეთანხმებოდეთ, უმრავლესობას არ დავტოვებდით. ვთვლით, რომ აუცილებელია, ძირეული პოლიტიკური ცვლილება, რაც გამოიხატება არა პერსონების ცვლაში, არამედ პოლიტიკურ გარდატეხაში. თუმცა პერსონალური ცვლილებები, რაც ამჟამად ხორციელდება, წინგადადგმული ნაბიჯია წესრიგისა და სტაბილურობისკენ. დღეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური ვითარება, რათა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ“, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მხარდამჭერები და სატელიტი პარტიები, არეულობისა და დაპირისპირებების მოწყობას ცდილობენ, რაც ახალმა მთავრობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას.

„გვჯერა, რომ ახალ პრემიერსა და მთავრობას ძალუძს, 2020 წლამდე პერიოდი მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში განვლოს, ამიტომ სამთავრობო ცვლილებებს დავუჭირეთ მხარი. სტაბილურ და მშვიდ ვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია, არჩევნები წარიმართოს კონკურენციის პირობებში, რომელიც აღარ იქნება გაჟღენთილი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის კინკლაობებით, პერსონალური დაპირისპირებებით, ბრალდებებით, ერთმანეთის დისკრედიტაციის მცდელობებითა და პიარ-კამპანიებით, არამედ გზა გაეხსნებათ ახალ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ წარდგებიან საკუთარი პლატფორმებით, ეკონომიკური ხედვებითა და პროგრამებით, ხოლო ხალხი გადაწყვეტს, რომელი იქნება მეტი კეთილდღეობისა და მეტი განვითარების მომტანი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.