გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ სოლიდარობის ფონდში შენატანები სავალდებულო უნდა იყოს და არა ნებაყოფლობითი
გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ სოლიდარობის ფონდში შენატანები სავალდებულო უნდა იყოს და არა ნებაყოფლობითი

„სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ სოლიდარობის ფონდში შენატანები სავალდებულო უნდა იყოს და არა ნებაყოფლობითი.

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, აბსოლუტურად არასერიოზულია, სახელმწიფომ და მთავრობამ პოლიტიკა განსაზღვროს და განახორციელოს კერძო ინიციატივების იმედად, ცალკეული პარტიების ტაქტიკური თუ საარჩევნოდ განსაზღვრული ნაბიჯების გათვალისწინებით.

„ჩვენი წინადადება სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 24 მარტს, გულისხმობდა საყოველთაო სავალდებულო შენატანის (ფაქტიურად გადასახადის) შემოღებას და ამ საშუალებით სპეციალური სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს სახსრები მთავრობის მიერ გამოყენებული იქნებოდა იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგეს შემოსავლები და პრაქტიკულად საარსებო წყარო.  რაც შეეხება ნებაყოფლობით საქველმოქმედო შენატანებს, რა წინადადებითაც გამოვიდა პარტია „ქართული ოცნება“ 2 აპრილს – ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია ჩვენი ინიციატივისა. ჩვენ ქველმოქმედების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ აბსოლუტურად არასერიოზულია, სახელმწიფომ და მთავრობამ პოლიტიკა განსაზღვროს და განახორციელოს კერძო ინიციატივების იმედად და ცალკეული პარტიების ტაქტიკური თუ საარჩევნოდ განსაზღვრული ნაბიჯების გათვალისწინებით. პირველ აპრილს მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება არსებული ბიუჯეტიდან ოპტიმიზაციისა და მომჭირნეობის საშუალებით ორი მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ ეკონომიკის და სოციალური სფეროს მხარდასაჭერად. დამატებით გამოიყოფა 351 მილიონი ლარი უშუალოდ ჯანდაცვის სფეროსთვის. ამავე დროს, პრემიერმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება სამი მილიარდი ლარით. არ არის გამორიცხული და სავარაუდოა საბიუჯეტო შემოსავლების კიდევ უფრო მეტი კლება და ხარჯების კიდევ უფრო მეტი ზრდა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ ამ ზარალის დაბალანსებასა და მოქალაქეთათვის აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას არ ეყოფა მხოლოდ ის სახსრები, რომლებიც შესაძლებელია, რომ მოიზიდონ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და უცხოელი დონორებისგან.

„სოციალური და ეკონომიკური რთული მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მძიმდება და უახლესი 6-8 თვის (ან 1 წლის) განმავლობაში რეცესია და ეკონომიკის უპრეცენდენტო ვარდნაა პროგნოზირებული. ამ საგანგაშო და ურთულეს ვითარებაში სრულად უნდა იქნეს ამოქმედებული ყველა მოაზრებადი შიდა რესურსი მთავრობის მიერ ადამიანთა გადასარჩენად. ჩვენ სრულად ვიაზრებთ პრემიერის მიერ გახმოვანებულ პოზიციას: სრული პასუხისმგებლობა კრიზისის დაძლევაზე, მოქალაქეთა გადარჩენაზე და ეკონომიკის პოტენციალის შენარჩუნებასა და მომავალ განვითარებაზე ეკისრება მთავრობას. შესაბამისად, სწორედ მთავრობისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა მოაზრებადი რესურსის (ფინანსური და არაფინანსური) მობილიზება ამ ამოცანების გადასაჭრელად. სწორედ აუცილებელი ფინანსების მობილიზებას შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად გულისხმობს ჩვენი წინადადება, რომელიც უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით. ასეთი თანხა მოგროვდება თუ შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: სამი ათასი ლარიდან ექვსი ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, ექვსი ათასი ლარიდან რვა ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით – ერთი წლის ვადით მთავრობის მიერ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ სოლიდარულ აქციას. მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანამ.

დატოვე კომენტარი