გია ჟორჟოლიანი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დღის წესრიგში დააყენოს ჩვენი ინიციატივის განხილვა საყოველთაო სავალდებულო შენატანის (გადასახადის) თაობაზე
გია ჟორჟოლიანი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დღის წესრიგში დააყენოს ჩვენი ინიციატივის განხილვა საყოველთაო სავალდებულო შენატანის (გადასახადის) თაობაზე

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დღის წესრიგში დააყენოს ჩვენი ინიციატივის განხილვა საყოველთაო სავალდებულო შენატანის (გადასახადის) თაობაზე, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, „სოციალ-დემოკრატები​“ მიესალმებიან ფონდი „ქართუს“ მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში.

„როგორც ცნობილი გახდა, ფონდმა „ქართუმ“ 100 მილიონი ლარი გადარიცხა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიმდინარე კრიზისთან გამკლავების საქმეში.

ამავე დროს მიგვაჩნია, რომ თანამემამულეებსა და ქვეყანაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა და მხოლოდ პასუხისმგებლობის აღებისა და შესაძლებლობების ფარგლებში თანამონაწილეობით მოხერხდება იმ რთული კრიზისის დაძლევა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა (სხვებთან ერთად) იმყოფება.
24 მარტს ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მაღალ შემოსავლებზე დროებით შემოღებულ იქნეს სავალდებულო გადასახადი და მობილიზებული თანხები მოხმარდეს იმ ადამიანთა (ოჯახების) სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას, რომელთაც კრიზისის გამო პრაქტიკულად დაკარგეს საარსებო წყარო. თუ ეს განხორციელდება თუნდაც პროცენტულად ბევრად უფრო დაბალი წილით მთლიან შემოსავლებთან მიმართებაში (როგორც ეს ჩვენ დავიანგარიშეთ, იხ.: https://bit.ly/3c5gJLW ), ვიდრე ეს გააკეთა ფონდმა „ქართუმ“, შესაძლებელი იქნება ყოველთვიურად დაახლოებით 50-60 მილიონი ლარის მობილიზება.

არ შეიძლება საერთო საქმეზე პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ (ან რამდენიმე) ადამიანს. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში გვინდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ საერთო საქვეყნო გადაწყვეტილებებში, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა ვიკისროთ როგორც მოქალაქეებმა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დღის წესრიგში დააყენოს ჩვენი ინიციატივის განხილვა საყოველთაო სავალდებულო შენატანის (გადასახადის) თაობაზე“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.