გია ჟორჟოლიანი - განსაკუთრებულ მოვლენას ვერ ვხედავ, მერაბიშვილი შეუერთდეს მოძრაობას, რომლის დასასრულსაც ამ წლის ბოლომდე ველოდები
გია ჟორჟოლიანი - განსაკუთრებულ მოვლენას ვერ ვხედავ, მერაბიშვილი შეუერთდეს მოძრაობას, რომლის დასასრულსაც ამ წლის ბოლომდე ველოდები

ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული არის აბსოლუტურად საკმარისი პირობა, რომ ასეთ ადამიანებს პოლიტიკაში მონაწილეობა შეზღუდული ჰქონდეთ, – ამის შესახებ პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

გია ჟორჟოლიანის თქმით, მოსახლეობამ არ უნდა დაივიწყოს, თუ რა ბრალდებით იხდიდა სასჯელს ვანო მერაბიშვილი.

„ყველა ინდივიდი უფლებამოსილია განაცხადოს ის, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რასთან არის დაკავშირებული ამ ადამიანის პატიმრობა. სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა სასტიკი წამებით, მისი თანამშრომლების მიერ იქნა მოკლული, შემდეგ მან აქტიურად ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დანაშაული დაფარულიყო და ამისთვის იხდიდა სასჯელს. არ ვიცი, ვინ რამდენი ხანი უნდა გაატაროს ციხეში, მაგრამ მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად საკმარისი პირობა, რომ ასეთ ადამიანებს პოლიტიკაში მონაწილეობა შეზღუდული ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არ გვაქვს ასეთი კანონმდებლობა. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამ პასუხისმგებლობას ძალიან კარგად აცნობიერებს. ეს არის დიდი მორალური დანაშაული და მგონია, ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას არ მისცემს ჩვენი ხალხი.

განსაკუთრებულ მოვლენას ვერ ვხედავ იმაში, მერაბიშვილი იქნება თუ სხვა, შეუერთდეს მოძრაობას, რომლის დასასრულსაც მართლა ველი ამ წლის ბოლომდე. ჩვენი და ხალხის მთავარი ამოცანაა, დასასრული შედგეს ამ რევანშისტული მოძრაობისა, რაც მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი პოლიტიკური ძალები ჩაერთვებიან ამ საქმეში, რამდენადაც „ოცნებამ“ ეს ვერ მოახერხა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.

დატოვე კომენტარი