გია ჟორჟოლიანი - ოდირის დასკვნის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ქვეყანამ საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება არჩევნებამდე სულ მცირე, ერთი წლით ადრე, თავად უნდა მიიღოს
გია ჟორჟოლიანი - ოდირის დასკვნის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ქვეყანამ საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება არჩევნებამდე სულ მცირე, ერთი წლით ადრე, თავად უნდა მიიღოს

ეუთო-ს დასკვნაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ  ქვეყანამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს არჩევნებამდე სულ  მცირე, ერთი წლით ადრე, – ამის შესახებ დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნაში დანარჩენი რეკომენდაცია და პოზიციები იგივეა, რაც საქართველოს პარტნიორებს არაერთხელ განუცხადებიათ.

„5 თებერვალს გამოქვეყნდა ეუთო-ს პასუხი ომბუდსმენის მიერ გაგზავნილ წერილზე არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგია: გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ქვეყანამ თავად უნდა მიიღოს და ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს არჩევნებამდე სულ მცირე, ერთი წლით ადრე. დანარჩენი რეკომენდაციები და პოზიციები იგივეა, რაც არაერთხელ განუცხადებიათ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს. შექმნილ ვითარებაში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაუთავებელი დისკუსია და კინკლაობა არ იძლევა ზემოხსენებული პრინციპების განხორციელების შესაძლებლობას“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ამასთან, მისი თქმით, სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ახლაც იგივე აზრზე რჩებიან.

„გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, ჩვენ სოციალ-დემოკრატები მხარს ვუჭერდით პროპორციულ არჩევნებს სხვადასხვა ვარიაციით და ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ. მიგვაჩნია, რომ უმრავლესობის მიერ საკუთარი წინადადების უარყოფამ ძალიან გაართულა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. აშკარაა, რომ „ოცნება“ მოიქცა ცუდად, უპასუხისმგებლოდ, რამაც შეარყია მისადმი ნდობა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ჩვენს პარტნიორებთან, რამაც ასახვა უნდა პოვოს ხმის მიცემისას, მაგრამ „ოცნების“ შეცდომას არ შეიძლება, გადავაყოლოთ არჩევნებისა და ქვეყნის ბედი“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

ამასთან, მისი თქმით, სოციალ-დემოკრატები მოუწოდებენ ყველა მხარეს, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის საკითხზე.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს და ე.წ. დიალოგის პროცესში მონაწილე ყველა პარტიას, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით და მისცენ საშუალება ასარჩევსაც და ამომრჩეველსაც, დროულად ჩამოყალიბდნენ და დაიწყოს ჯანსაღი დისკუსია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების, ალტერნატიული პოლიტიკისა და ქვეყნის შემდგომი პერსპექტივის თაობაზე“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, განხორციელდეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო წესებში, რათა ნებისმიერი სისტემით ჩატარებული არჩევნები იყოს ინკლუზიური, სამართლიანი და თანასწორი.

„ეს ეხება მედიაში საარჩევნო სუბიექტების პროპაგანდას, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, პარტიების დაფინანსებას და სხვა საკითხებს. ჩვენ უკვე შევიტანეთ ერთი კანონპროექტი საარჩევნო სუბიექტებისთვის საეთერო დროის თანასწორი განაწილების შესახებ და სხვა კანონპროექტებსაც შევიტანთ უახლოეს დღეებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებსა და პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.