გია ჟორჟოლიანი -  აუცილებელია, მოქალაქეები მკაფიოდ იყვნენ ინფორმირებულნი, რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო ეკონომიკური საქმიანობის აღსადგენად
გია ჟორჟოლიანი - აუცილებელია, მოქალაქეები მკაფიოდ იყვნენ ინფორმირებულნი, რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო ეკონომიკური საქმიანობის აღსადგენად

დღეს, შეზღუდვების ეტაპობრივად შერბილების პირობებში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა მიმართ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება მათ მიმართვებზე, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის განახლების ნებართვას ელიან, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, მოქალაქეები დროულად და მკაფიოდ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა მათგან საჭირო, რათა განაახლონ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა.

„არსებულ მძიმე პირობებში, ყოველი უპასუხოდ დარჩენილი მიმართვა ადამიანთა უმრავლესობისთვის ნიშნავს არა მხოლოდ შემოსავლების შემცირებას, არამედ საარსებო წყაროს გარეშე დარჩენას. პირადად მე, როგორც დეპუტატს, არაერთმა მოქალაქემ მომმართა, რომლებმაც ვერ მიიღეს პასუხი სახელმწიფო უწყებებისგან. ეს ეჭვის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს შესაძლებლობას შეასრულოს ის პასუხისმგებლობა რომელიც მას დაეკისრა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ თუ არ შეასრულა ეს პასუხისმგებლობები, ის დაკარგავს ლეგიტიმაციას, დააწესოს და აღასრულოს სხვადასხვა აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც გამიზნულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სამართავად.

„ეს სამართლიანად გამოიწვევს მოქალაქეების უკმაყოფილების კიდევ უფრო მეტად ზრდას. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ აკრძალვებს აწესებს. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი სახელმწიფო. მე, როგორც დეპუტატმა, საგანგებო მდგომარეობისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისას ავიღე პასუხისმგებლობა და მოვახდინე ჩემი უფლებამოსილებების დელეგირება მთავრობაზე, რათა მთავრობის მოქმედებები უფრო ეფექტური და სწრაფი ყოფილიყო. ამავდროულად, მე არ მომიხსნია პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე.

მოვუწოდებ, ყველა სახელმწიფო მოხელეს, იმოქმედონ მაქსიმალურად ეფექტურად და პასუხისმგებლიანად, რათა დროულად მოხდეს მოქალაქეთა ინტერესების დაკმაყოფილება და მათზე ზრუნვა“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.