გია ცაგარეიშვილი - ყველას უნდა ახსოვდეს, მათ შორის კოლეგებს ევროპარლამენტში, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ყველანაირად ცდილობენ, როგორმე პატიმრობიდან დაიხსნან კრიმინალი
გია ცაგარეიშვილი - ყველას უნდა ახსოვდეს, მათ შორის კოლეგებს ევროპარლამენტში, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ყველანაირად ცდილობენ, როგორმე პატიმრობიდან დაიხსნან კრიმინალი

ყველას უნდა ახსოვდეს, მათ შორის ჩვენს ძვირფას კოლეგებს ევროპარლამენტში, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც ჩადენილი აქვს საქართველოში პრეზიდენტობის დროს, უტყუარად არის დადასტურებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებები არცერთ ეტაპზე არ შელახულა.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ასეა ევროკავშირის სივრცეში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე და ასეა საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, ევროპული ოჯახისკენ. წელიწადზე მეტია, სააკაშვილი მკურნალობს საავადმყოფოში, მისი უფლებები არ შელახულა არც საპატიმროში და არც საავადმყოფოში. ფაქტობრივად, ლაივში იხდის სასჯელს. მან უნდა შეწყვიტოს თვითგვემა, რომელიც გადაზრდილია ქვეყნის წინააღმდეგ აგორებულ საშინელ პიარკამპანიაში, თითქოს პატიმრის უფლებებს ლახავენ. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს. დარწმუნებული ვარ, არც 40 თუ 44 ევროპარლამენტარის მიმართვა, ასევე მანამდე მიღებული რამდენიმე რეზოლუცია, ხელს არ შეუწყობს არც დეპოლარიზაციას და არც ქვეყნის შიგნით ნორმალური, სტაბილური ვითარების ჩამოყალიბებას. ექიმების ვერცერთი ბრიგადა ვერცერთი ქვეყნიდან იოტისოდენა ეჭვსაც ვერ შეიტანს იმ პირობებში, რომელშიც სააკაშვილს ახლა მკურნალობა უწევს. ეს არის უმაღლესი სტანდარტი. დანარჩენი პოლიტიკური პიარია და მიმართულია იქითკენ, როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდეს ეგრეთ წოდებულ საარჩევნო ფორმაში მოახლოებული არჩევნებისთვის. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი თანაპარტიელების მიერ სპეკულანტურად არის გამოყენებული, რაც სამწუხაროა. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლის სხვა ბერკეტი არ აქვთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველანაირად ცდილობენ, როგორმე პატიმრობიდან დაიხსნან კრიმინალი.

„ვაკვირდებით თითქმის ორწლიან გაუთავებელ კამპანიას, რომელიც, მათ შორის, ძალიან მსუყედაა დაფინანსებული კეზერაშვილის, სააკაშვილის ოჯახის მიერ. დაქირავებული ჰყავთ ლობისტური კომპანიები ევროპაში, ამერიკაში, რომელშიც მილიონებს ხარჯავენ. რამდენიმე ექიმი ჰყავდათ ჩამოყვანილი, ეგრეთ წოდებული ნობელიანტი ექიმები, რომლებმაც სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასეს და დასკვნები რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა, ასევე ჩართული იყვნენ კონსილიუმები. მუდმივად ვრცელდება თითიდან გამოწოვილი, ყურით მოთრეული სამედიცინო დასკვნები, რაც შემდეგ რაღაც პროექციას ნახულობს ევროპულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი არის მოზაიკის ნაწილი. ყველანაირად ცდილობენ, როგორმე პატიმრობიდან დაიხსნან კრიმინალი, დამნაშავე ადამიანი  და გარეთ გამოიყვანონ, რათა გარკვეულმა ძალებმა ეს ადამიანი ისევ საქართველოს წინააღმდეგ მომართონ. აბა, რატომ შემოაპარეს ბინძური კონტეინერით ოდესის პორტიდან? ვინ შემოაპარა? ეს მოქმედების იგივე მეთოდია და ჩართული ჰყავთ უკრაინელებიც, ზოგიერთი ჩვენი ევროპელი კოლეგაც. უკრაინელები რომ მუდმივად ამ ჭკუაზე, ამ ტალღაზე არიან, კარგად იცით. ამ ერთი კრიმინალის ბედს გადააყოლეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები, რაც ფრიად სამწუხაროა. მგონი, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმაზე მეტია, ვიდრე კრიმინალი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.