გია ცაგარეიშვილი - ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ განაყარ თუ გაყრილ ძალებში, რისი შემომტანია ახლა მელია ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე
გია ცაგარეიშვილი - ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ განაყარ თუ გაყრილ ძალებში, რისი შემომტანია ახლა მელია ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

ნაკლებად მადარდებს მელია, ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ განაყარ თუ გაყრილ ძალებში. რისი შემომტანია ახლა მელია ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილს კითხვა დაუსვეს ხათუნა სამნიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სმენია, რომ მელია ახალი პარტიის შექმნას აპირებს.

გია ცაგარეიშივილის თქმით, ყველას აქვს უფლება, დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნას.

„სადღაც ხომ უნდა დასრულდეს ურთიერთქიშპის, დაპირისპირების, ლანძღვა-გინების, მუშტი-კრივის პროცესი, თუმცა შეუძლიათ, გააგრძელონ, ესეც მათი საქმეა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სრულდება და ადამიანები ფიქრობენ, გამოეყონ „ნაციონალურ მოძრაობას“, შექმნან დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ეს მათი უფლებაა, ხელს ვერავინ შეუშლის. ნაკლებად მადარდებს მელია, ვერავითარ პესრპექტივას ვერ ვხედავ განაყარ თუ გაყრილ ძალებში. შეხედეთ, რას ჰგვანან ეს ადამიანები, ზოგი შარვალჩახდილი დარბის სადღაც, ზოგი – სახაზავით პარლამენტის შენობის წინ, ზოგი ნაგვის მანქანას შემოახტება, ზოგი ყირაზე გადადის, იწყევლება, იგესლება, ხელისუფლების დამხობას ლამობს, ზოგი „მოლოტოვის კოქტეილს“ ამზადებს. რამით განსხვავდებიან დედა პარტიისგან? ამიტომ ამ ჯგუფების დასაქსვაში არავითარი აზრი და შინაარსი არ არის. შეიძლება, ქართული პოლიტიკური სისტემისთვის ეს კარგი იყოს – რაც უფრო დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკურ თვალსაწიერს მოშორდებიან, მით უფრო მშვიდად გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას, მაგრამ რისი შემომტანია ახლა მელია ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, რა ახალი იდეები ამოძრავებს, რა არის ამ ადამიანების ხელწერა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.